თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ერაყის დედაქალაქში შაბათს მომხდარი ორი აფეთქების შედეგად, გარდაცვლილთა რიცხვმა 14 ადამიანს მიაღწია, ხოლო 28 ადამიანმა კი სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „ასოშეიტედ პრესზე“ დაყრდნობით.
მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
პირველი აფეთქება, რომელმაც ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე და ოთხი სამხედრო პირი იმსხვერპლა, ბაღდადის ჩრდილოეთით უსაფრთხოების სამსახურის საკონტროლო გამშვებ-პუნქტზე მოხდა. მეორე აფეთქება კი ბაღდადის სამხრეთით მოხდა, რომელიც ქვეყნის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ იყო მიმართული. აფეთქების შედეგად ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, რვა კი დაზარალდა.
ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დღეისათვის მსოფლიო უსფრთხოების ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. სამი წლის განმავლობაში ტერორისტებმა მოახერხეს სირიისა და ერაყის მნიშვნელოვანი ტერიტორიების მიტაცება. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის ერთიანი ფრონტი არ არსებობს. დაჯგუფებას ებრძვიან სირიისა და ერაყის სამთავრობო ძალები, საერთაშორისო კოალიცია აშშ-ს ხელმძღვანელობით (ჯერჯერობით საჰაერო დარტყმებით შემოიფარგლება), ასევე ქურთები და ლივანისა და ერაყის შიიტი ამბოხებულები.