თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა შიმშილობა ორი კვირით შეწყვიტეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
სტუ-ის რექტორად არჩილ ფრანგიშვილის მესამედ არჩევის გამო აღშფოთებულმა პროფესორებმა 12 აპრილს შიმშილობა დაიწყეს.
როგორც თავად პროფესორები აცხადებენ, შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასულიერო პირების თხოვნით მიიღეს. სააღდგომო დღესასწაულის გასვლის შემდეგ კი პროფესორები იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, შიმშილობას კვლავ გააგრძელებენ.
პროტესტის უკიდურესი ფორმა მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ფრანგიშვილის მესამედ დანიშვნის არალეგიტიმურად ცნობაზე უარი განაცხადა. პროფესორების ჯგუფმა თავდაპირველად სასამართლოს მიმართა, ხოლო შემდეგ შიმშილობა დაიწყო.
ფრანგიშვილმა პროფესორები უნივერსიტეტში ვითარების დესტაბილიზაციაში დაადანაშაულა. მან ასევე განაცხადა, რომ პროფესორები, სინამდვილეში, არ შიმშილობენ.
უფრო ადრე სტუ-ის პროფესორთა საერთო კრება კოლეგების გათავისუფლლების წინადადებით გამოვიდა. მათ მოშიმშილეებს პროტესტის შეწყვეტისკენ მოუწოდეს და შესაძლო ნეგატიურ პროცესებზე მორალური პასუხიმსგებლობაც დააკისრეს.