თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ზაალ მიქაძე, რომელიც უკვე მეხუთე დღეა, მშრალ შიმშილობაზე გადავიდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, იუწყება სააგენტო „ინტერპრესნიუსი“.
სტუ-ის რექტორად არჩილ ფრანგიშვილის მესამედ არჩევის გამო აღშფოთებულმა პროფესორებმა 12 აპრილს შიმშილობა გამოაცხადეს.
ვითარება უნივერსიტეტის გარშემო იძაბება. გუშინ სტუ-ის შენობასთან ორი საპროტესტო აქცია გაიმართა.
სტუდენტთა ერთი ნაწილი მოშიმშილე პროფესორების მხარდასაჭერად გამოვიდა. მათ ფრანგიშვილისა და კანცლერის — ქეთევან ქოქრაშვილის გადადგომა, აკადემიური საბჭოს გაუქმება და თვითმმართველობის ორგანოს რეფორმირება მოითხოვეს.
კონტრაქცია გამართეს სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. მათ შენობის შესასვლელთან ცოცხალი ჯაჭვი მოაწყვეს. ამასთან, მათ სტუდენტების პირველ ჯგუფს მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომისა და უნივერსიტეტის განვითარების გეგმაზე ერთად მუშაობისკენ მოუწოდეს.
პროტესტის უკიდურესი ფორმა მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ფრანგიშვილის მესამედ დანიშვნის არალეგიტიმურად ცნობაზე უარი განაცხადა. პროფესორების ჯგიფმა თავდაპირველად სასამართლოს მიმართა, ხოლო შემდეგ შიმშილობა დაიწყო.
ფრანგიშვილმა პროფესორები უნივერსიტეტში ვითარების დესტაბილიზაციაში დაადანაშაულა. მან ასევე განაცხადა, რომ პროფესორები, სინამდვილეში, არ შიმშილობენ.
უფრო ადრე სტუ-ის პროფესორთა საერთო კრება კოლეგების გათავისუფლლების წინადადებით გამოვიდა. მათ მოშიმშილეებს პროტესტის შეწყვეტისკენ მოუწოდეს და მათ შესაძლო ნეგატიურ პროცესებზე მორალური პასუხიმსგებლობა დააკისრეს.