თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) პროფესორთა საერთო კრება იმ კოლეგების გათავისუფლებას ემხრობა, რომლებიც რექტორ არჩილ ფრანგიშვილის გადადგომის მოთხოვნით უკვე ცხრა დღეა შიმშილობენ.
ფრანგიშვილის გადადგომის გარდა სტუ-ის ხუთი პროფესორი აკადემიური საბჭოს გაუქმებას, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ქეთევან ქოქრაშვილის გადადგომასა და ასევე განათლების სისტემის რეფორმის დაწყებას მოითხოვს. მოშიმშილე პროფესორებს სოლიდარობას სტუდენტების ნაწილიც უცხადებს. მათ ორშაბათს უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსთან საპროტესტო აქცია გამართეს.
„უნივერსიტეტის პროფესურა ცალსახად ემიჯნება აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს, რომლებიც იმთავითვე მოკლებული იყო აკადემიურობის ფუნდამენტურ პრინციპებს და გმობს აქციის მონაწილეთა მხრიდან უნივერსიტეტის რეპუტაციის შელახვის ფაქტებს“, — აღნიშნულია სამშაბათს კრების შედეგად მიღებულ რეზოლუციაში.
პროფესორთა კრება კოლეგებს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს და შესაძლო ნეგატიურ პრეცედენტებზე სრულ მორალურ პასუხისმგებლობას მათ აკისრებს.
„მოვუწოდებთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, პროფესორების გოდერძი ტყეშელაშვილის, ნოდარ უღრელიძის და ზაალ მიქაძის მხრიდან უნივერსიტეტის რეპუტაციის და პროფესურის პატივისა და ღირსების შემლახველი არაერთგზის საჯარო განცხადების გათვალისწინებით, უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და ეთიკის კოდექსის ფარგლებში, განიხილოს მათთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხი", — ნათქვამია რეზოლუციაში.
სტუ-ის პროფესორებმა ფრანგიშვილის მესამე ვადით რექტორად დანიშვნის წინააღმდეგ სარჩელი საქართველოს განთლებისა და მეცნიერების სამინისტროში შეიტანეს. უწყებამ პროფესორების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ფრანგიშვილის არჩევა ლეგიტიმურად აღიარეს. ამის შემდეგ პროფესორებმა სასამართლოს მიმართეს და შიმშილობა დაიწყეს.
გასულ კვირაში ფრანგიშვილმა პროფესორები უნივერსიტეტში მდგომარეობის დესტაბილიზაციაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სინამდვილეში ისინი არ შიმშილობენ.