თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. სტუდენტებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შენობასთან მინისტრის თამარ სანიკიძისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის არჩილ ფრანგიშვილის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს, იუწყება Sputnik-ის კორესპონდენტი მოვლენათა ადგილიდან.
აქციის მონაწილეები განათლების სისტემის რეფორმას მოითხოვენ. სტუდენტთა თქმით, აქციები იქამდე გაგრძელდება, სანამ ისინი განათლების სფეროში ძირეულ ცვლილებებს არ მიაღწევენ.
„თქვას ქალბატონმა სანიკიძემ, რა შეიცვალა ოთხი წლის მანძილზე?! – არაფერი… დაახლოებით ხუთი წლის წინ ჩვენ იმავე პრობლემებს ვაპროტესტებდით“, — განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ხმის“ ლიდერმა ნიკა მემანიშვილმა.
გარდა ამისა, აქციის მონაწილეებმა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი გაკიცხეს უნივერსიტეტის ბიუჯეტის არასწორი განაწილების გამო, რომელიც წელიწადში 68 მილიონ ლარს შეადგენს.
„იყო შემთხვევა, როდესაც წლიურ ბიუჯეტში სამეცნიერო სამუშაოებზე 10 ათასი ლარი გამოყვეს, ხოლო ტუალეტის ქაღალდის შესაძენად, რომელიც ტექნიკურ უნივერსიტეტში არავის უნახავს, 40 ათასი ლარი“, — აღნიშნა მემანიშვილმა.
აქციის მონაწილეებს ტექნიკური უნივერსიტეტის მოშიმშილე ლექტორებიც შეუერთდნენ, რომლებიც სტუ-ის რექტორის მესამე ვადით დანიშვნას მეათე დღეა აპროტესტებენ.
აქცია საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების, ახალგაზრდა უფლებადამცველთა ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ხმის“ მიერ იყო ორგანიზებული.