ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ 2017 წლიდან სავალდებულო სამხედრო სამსახური გაუქმდება

© photo: Ministry of Defence of Georgia / FBსაქართველოს შეიარაღებული ძალები
საქართველოს შეიარაღებული ძალები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავდაცვის უწყების პირველმა პირმა აღნიშნა, რომ საკონტრაქტო სამსახური საბიუჯეტო ხარჯებს არ გამოიწვევს. ამასთან ხიდაშელმა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან მისი წასვლის შემთხვევაში, ვითარების ცვლილება არ გამორიცხა.

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში აუცილებლად  2017 წლის იანვრიდან შევა.

„ჩემი მთავარი სამი დაპირება არსებობდა… პირველი ჰაუპტვახტების გაუქმება იყო — ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას და ეს სისტემა გაუქმდა, მეორე — ჩვენ სპეცუბნების გაუქმების ინიციატივა დავაყენეთ და ჯერჯერობით საკითხი საპარლამენტო დონეზე დგას, თუმცა პარლამენტის საკომიტეტო მოსმენებიდან გამომდინარე, ამ საკითხთან მიმართებით რაიმე გართულებას არ ველოდებით და მჯერა, რომ სპეცუბნებიც გაუქმდება და ეს ჩემი მესამე დაპირებაა (საკონტრაქტო არმია — რედ.), რომელიც მსურს რამდენიმე თვეში დავასრულო… კონსულტაციების შედეგად დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხს წინააღმდეგობა არ ექნება“, — განაცხადა ხიდასელმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. 

ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო
მაისაია: საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურის არსებობა საჭირო არ არის

მინისტრის სიტყვებით, ჯარში ნებაყოფლობითი სამსახური მისი, როგორც მინისტრის ინიციატივა იყო და ეს სურვილი როგორც სამხედრო მოსამსახურეების, ისე თავდაცვის უწყების ინტერესებთან არის  თანხვედრაში.  

 „არ შეიძლება ამ ტიპის გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება. ჩვენ უწყების შიგნით, სამხედრო მოსამსახურეებთან,  არაერთი დებატი და განხილვა გავმართეთ და მოხარული ვარ, რომ გადაწყვეტილება ერთობლივად იქნა მიღებული“, — დასძინა მინისტრმა.  

ხიდაშელმა ასევე აღნიშნა, რომ საკონტრაქტო სამსახური საბიუჯეტო ხარჯებს არ გამოიწვევს.

მოსალოდნელია, რომ სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას გაასაჯაროებს. ამასთან ერთად, ხიდაშელი არ გამორიცხავს, რომ თავდაცვის მინისტრის ცვლილების შემთხვევაში ვითარება შეიძლება შეიცვალოს. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს არის დაგეგმილი.


ყველა ახალი ამბავი
0