თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალები თითქმის მთლიანად გადავიდა საკონტრაქტო სისტემაზე და, აქედან გამომდინარე, სავალდებულო სამხედრო სამსახურის აუცილებლობა იხსნება, მიაჩნია სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას.
თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ 2017 წელს ქვეყნის შეიარაღებულ ძალების ნებაყოფლობით საფუძველზე გადაყვანას გეგმავს.
„სავალდებულო სამხედრო სამსახურში ყოველწლიურად დაახლოებით 2 ათას ახალგაზრდას იწვევენ. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კი აქედან სულ 10% მსახურობს, ისიც, ლოგისტიკის სფეროში“, — განუცხადა მაისაიამ Sputnik–ს.
არმიაში გაწვეული ახალგაზრდების უდიდეს ნაწილს ძირითადად ძალოვანი უწყებების შენობებისა და სხვა ობიექტების დაცვა ევალებათ. ამიტომ, მაისაიას თქმით, მათ გაწვევას არანაირი შედეგი არ მოაქვს ქართული არმიისთვის.
სამხედრო ექსპერტის აზრით, მომავალში ახალგაზრდებს კვლავაც გაიწვევენ, მაგრამ არა შეიარაღებულ ძალებში, არამედ დაცვის სპეციალური სამსახურის გასამხედროებულ ქვედანაყოფებში.
ამჟამად სამხედრო სამსახური ქვეყანაში ოთხ კატეგორიად იყოფა: სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო.
სავალდებულო სამხედრო სამსახურში 18–დან 27 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს იწვევენ. ახალწვეულებს, თავდაცვის სამინისტროს გარდა, სხვა ძალოვან უწყებებშიც ანაწილებენ: შინაგან საქმეთა სამინისტროში, უსაფრთხოების სამსახურში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში და აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.
სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა საქართველოში 12 თვეა.
გაწვევა წელიწადში ორჯერ — შემოდგომასა და გაზაფხულზე ცხადდება.