თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. 2017 წლიდან საქართველოში სამხედრო სამსახურს ნებაყოფლობით გაივლიან, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
„ჩვენი ამოცანაა, 2017 წლიდან ნებაყოფლობითი გაწვევის სისტემა ავამოქმედოთ. ნატოს წევრ ბევრ ქვეყანაში არსებობს ეს სისტემა, რომელიც გაცილებით უფრო ეფექტური და გაცილებით მაღალი შედეგის მომტანია. ჩვენთან 2017 წლიდან ჯარში სავალდებულო გაწვევა აღარ იქნება. ყოველ შემთხვევაში, ჩემი, თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება ასეთია“, — განაცხადა ხიდაშელმა.
ამასთან, ის არ გამორიცხავს, რომ თავდაცვის მინისტრის შეცვლის შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს.
ამჟამად სამხედრო სამსახური ოთხ კატეგორიად იყოფა — სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო.
სავალდებულო სამხედრო სამსახურში ქვეყნის მოქალაქეებს 18-დან 27 წლამდე ასაკში იწვევენ. ახალწვეულებს, თავდაცვის სამინისტროს გარდა, სხვა ძალოვან უწყებებშიც ანაწილებენ — შინაგან საქმეთა სამინისტროში, უშიშროების სამსახურში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში, ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.
სავალდებულო სამხედრო სამსახური საქართველოში 12-თვიანია.
ჯარში გაწვევა წელიწადში ორჯერ — შემოდგომასა და გაზაფხულზე ხდება.