თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის პროექტის დასრულებას მაისში გეგმავს, განაცხადა მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე.
კონცეფციაზე მუშაობა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. საბოლოო ვარიანტს თავდაცვის სამინისტრო მთავრობას ივნისში წარუდგენს, ხოლო შემდეგ ის დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება.
ხიდაშელმა პროექტი ასევე ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნო.
შესწორებების თანახმად, საქართველოში სამი ტიპის რეზერვი გაჩნდება: არმიის რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სპეციალისტების რეზერვი. სამსახურის დღეების რაოდენობა წელიწადში 45-60 დღეს არ უნდა აღემატებოდეს.
კონცეფცია რეზერვის ყველა კატეგორიისთვის ორი ტიპის წვრთნების ჩატარებას ითვალისწინებს: საბრძოლო (ინტენსიური) და მობილიზაციური (მოკლევადიანი).
არმიის რეზერვის ამოცანა იქნება საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერება და საომარი დანაკარგების შევსება. სავალდებულო სამსახურის ვადა სამი წელია, ასაკი — 50 წლამდე.
ტერიტორიული რეზერვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება სახმელეთო ჯარის დახმარება ზოგადი ოპერატიული გეგმის შესაბამისად, ასევე მოსახლეობისა და წინასწარ მონიშნული რესურსების ევაკუაცია საომარი მოქმედებებისა და კრიზისების რაიონებიდან. სამსახურის ვადა ხუთიდან შვიდ წლამდეა, ასაკი — 55 წლამდე.
რაც შეეხება სპეციალისტების რეზერვის ამოცანებს, მან მხარი უნდა დაუჭიროს შეიარაღებული ძალების მობილიზაციურ და სხვა ორგანიზაციულ ღონისძიებებს. ამ სამსახურში ჩარიცხულებთან შეთანხმება ინდივიდუალურად გაფორმდება. შეთანხმების მინიმალური ვადა სამი წელია, ხოლო მაქსიმალური — შვიდი. ასაკი — 65 წლის ჩათვლით.