თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფს „აუდიტორია 115“-ს შეხვდა და მათ განათლების სისტემის რეფორმირების საკითხზე დიალოგის გაგრძელებას დაჰპირდა.
ბოლო დროს საქართველოს ყველაზე დიდ უნივერსიტეტში დაძაბული ვითარებაა. სტუდენტები უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის გატარებისა და უნივერსიტეტის სპეცსამსახურებისგან „გაწმენდის“ მოთხოვნით საპროტესტო აქციებს პერმანენტულად მართავენ.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განათლების რეფორმის პროცესში სტუდენტების აქტიურ ჩართულობას მიესალმება. ამ მიზანს ემსახურება პრემიერის დღევანდელი შეხვედრა „აუდიტორია 115"-ის წევრებთან და დიალოგი სტუდენტთა ჯგუფებთან, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება“, — აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.
მთავრობა პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვის მზადაა.
განათლების სისტემისა და მმართველობის რეფორმა, რომელიც უფრო მაღალ ჩართულობას გულისხმობს, მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი ქვაკუთხედია. ამასთან, მთავრობა მზადაა, პროცესში ყველა დაინტერესებული ჯგუფი ჩართოს.
პრემიერმა პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე, რომ მოკლევადიანი გეგმის შესრულება დაიწყება, განაცხადა „აუდიტორია 115“-ის წევრმა ლევან ლორთქიფანიძემ.
„ჩვენი მოკლევადიანი გეგმა იმაში მდგომარეობს, რომ გაუქმდეს თითმმართველობის განცალკევებული სტრუქტურა და მას მხოლოდ წარმომადგენლობით ორგანოებში მუშაობის ფუნქცია დარჩეს, რომ გაფართოვდეს აკადემიური საბჭო, შეიცვალოს რექტორის არჩევის წესი“, — განაცხადა ლორთქიფანიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში“.
სტუდენტებმა პრემიერს ასევე სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან მუქარის შესახებ უამბეს.
„ჩვენ პრემიერს მივაწოდეთ ინფორმაცია ჩემზე და ჩემს მეგობრებზე, რომ ჩემს ოჯახს სახელმწიფო უსაფრთხოების წარმომადგენლები ემუქრებიან და მასზე გარკვეულ ზეწოლას ახდენენ. პრემიერი დაგვთანხმდა, რომ ამგვარ შემთხვევას შეიძლება ჰქონდეს ადგილი, რადგანაც სტრუქტურა ჯერ კიდევ ძველი ხელისუფლების დროიდან, ჩამოყალიბების პროცესშია“, — განაცხადა ნათია ქარჩილაძემ.
თსუ-ში პროტესტის პირველ ტალღას რექტორის ვლადიმერ პაპავას გადადგომა მოჰყვა. დღეს ის სტუდენტების დასაცავად დგას. მეორე ტალღა მხოლოდ ორ დღეს გაგრძელდა. სტუდენტებმა აქცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთა შეხვედრის შემდეგ შეწყვიტეს. პრემიერი მათ რეფორმების გატარებას დაჰპირდა.