თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. საპროტესტო აქციებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო უწყებები და ძალოვანი სტრუქტურები მართავდნენ, განაცხადა თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვლადიმერ პაპავამ.
მან თანამდებობა მარტის ბოლოს, სტუდენტების საპროტესტო აქციების ფონზე დატოვა. რექტორის მოვალეობის ახალ შემსრულებელს 20 აპრილს, ხოლო ახალ რექტორს მიმდინარე წლის აგვისტოში აირჩევენ.
„ამ პროცესში ჩართული იყვნენ რიგი უწყებები, მათ შორის მერია, ეკონომიკის სამინისტრო. არა მგონია, რომ მინისტრები უშუალოდ იყვნენ ჩართული, თუმცა, იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამას სამთავრობო ხაზით ლობირებდნენ“, — განუცხადა პაპავამ ჟურნალისტებს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
შაბათს თსუ-ის სტუდენტებმა, ერთთვიანი შესვენების შემდეგ, განაახლეს საპროტესტო აქციები განათლების სისტემის რეფორმირების მოთხოვნით. ამის შემდეგ მათ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა. მოლაპარაკებების შედეგად სტუდენტებმა აქციის შეჩერება გადაწყვიტეს იმ პირობით, თუ დიალოგი ხელისუფლებასთან გაგრძელდება.
თავდაპირველად სტუდენტური ორგანიზაცია „აუდიტორია 115“-ის (ამ აუდიტორიაში ატარებდნენ სტუდენტები შეხვედრებს) ძირითადი მოთხოვნა სტუდენტური თვითმმართველობის ფუნქციების შემცირება იყო. შემდეგ თვითმმართველობამ რექტორის გადადგომა მოითხოვა. პაპავას წასვლის შემდეგ ორივე აქცია შეწყდა.