თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა უნდა გაარკვიონ, ემუქრებოდნენ თუ არა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ოჯახებს სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები, აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
ბოლო დროს საქართველოს ყველაზე დიდ უნივერსიტეტში დაძაბული ვითარებაა. სტუდენტთა ჯგუფი, რომელიც „აუდიტორია 115“-ად იწოდება, უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის გატარებისა და უნივერსიტეტის სპეცსამსახურებისგან „გაწმენდის“ მოთხოვნით საპროტესტო აქციებს პერმანენტულად მართავს. ამასთან ისინი აცხადებენ, რომ მათ ოჯახებზე სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები ზეწოლას ახდენენ.
„ამასთან, საჭიროა დაუყოვნებლივ დაიწყოს სამსახურებრივი მოკვლევა ხსნებულ ფაქტებზე, ვინაიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კონკრეტული პირების მხრიდან საკუთარი სტატუსისა და უფლებამოსილების არამიზნობრივ გამოყენებას“, — აღნიშნულია რიგი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.
საკმაოდ მსგავსი და ერთგვაროვანი ხელწერის პირობებში, ასევე დასაგენია რამდენად ჰქონდა ადგილი აღნიშნული პროცესის ორგანიზებას ხელმძღვანელი პირების მხრიდან, ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე მოუწოდებენ პარლამენტს, გააკონტროლოს შსს-სა და უსაფრთხოების სამსახურების მუშაობა და დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი განიხილოს.
„დროული და ობიექტური რეაგირება ასევე მნიშვნელოვანია სამართლიანი და უსაფრთხო წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისთვის. პოლიტიკურად და საზოგადოებრივად აქტიურ ჯგუფებს უნდა ჰქონდეთ დაცულობის განცდა“, — აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ფონდი „ღია საზოგადოება — საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“.
თსუ-ში პროტესტის პირველ ტალღას რექტორის ვლადიმერ პაპავას გადადგომა მოჰყვა. დღეს ის სტუდენტების დასაცავად დგას. მეორე ტალღა მხოლოდ ორ დღეს გაგრძელდა. სტუდენტებმა აქცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთა შეხვედრის შემდეგ შეწყვიტეს. პრემიერი მათ რეფორმების გატარებას დაჰპირდა.
თსუ-ის დროებითი ხელმძღვანელი დარეჯან თვალთვაძე პაპავას მოადგილე იყო. ახალ თანამდებობაზე ის, პირველ რიგში, კანცლერის დანიშვნას აპირებს.
თსუ-ის რექტორის არჩევნები აგვისტოში გაიმართება.