თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობაზე საკმაოდ დიდი პრივილეგიები მიანიჭეს და, მაინც, მოცემულ მომენტში, ის გავლენას კარგავს, მიიჩნევს მეჩნიკოვის სახელობის ოდესის ეროვნული უნივერსიტეტის მსოფლიო მეურნეობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების კათედრის გამგის მოადგილე სერგეი იაკუბოვსკი.
„საბაჟოს ხელმძღვანელად ლამაზი გოგონა (იულია მარუშევსკაია — რედ.) დაინიშნა. ის არა მარტო მას, არამედ სხვებსაც მოსწონთ, კარგად საუბრობს უკრაინულ და ინგლისურ ენებზე. ის საერთოდ ვერ ერკვევა ეკონომიკასა და საბაჟოს მუშაობაში, მაგრამ შეუძლია საჭირო სურათი შექმნას. შემდეგ, იმისთვის, რათა მას არ ჰქონოდა კონფლიქტი „არა მის“ მერთან და, შესაბამისად, ოდესის ბიზნეს-ელიტასთან, მან სპეციალურად მოიწვია ასეთი მსახიობი საშა ბოროვიკი. ბოროვიკის დავალება იყო კარგად შეესრულებინა ტრუხანოვის ოპონენტის როლი და გაემარჯვა. თუმცა მათ ვერ გათვალეს. მოსკოვიდან მაშა გაიდარი ჩამოდის, რომელმაც თითქოს მოსკოვში, რომელიღაც რუსულ გუბერნიაში რაღაც გააკეთა. მაგრამ, სად ოდესა და სად რუსული გუბერნია?!“ — ციტირებს სააგენტო „რია ნოვოსტი უკრაინა“ პროფესორ იაკუბოვსკის სიტყვებს.
როგორც მან აღნიშნა, ვერც გაიდარი და ვერც ბოროვიკი ვერ შეძლებენ ოდესის ბიზნეს-ელიტას კონკურენცია გაუწიონ.
„საბოლოო ჯამში, ტრუხანოვმა პირველ ტურში გაიმარჯვა. ქართული გუნდის უფლებები აქ უკვე საკმაოდ გაფართოვდა. სააკაშვილს ექვემდებარება პოლიცია, მის ხელში იყო პროკურატურა, მაგრამ ახლა ხელიდან გამოაცალეს. ის საკუთარ გავლენას ტყუილად კარგავს. ეს უსამართლობაა, როდესაც პრეზიდენტის რჩეულს ასეთი ძალაუფლება აქვს. უნდა იყოს სისტემა, რომელიც შეარჩევს საბაჟოს, პროკურატურისა და პოლიციის ხელმძღვანელებს პრეზიდენტისა ან გუბერნატორის ჩარევის გარეშე“, — დაასკვნა ექსპერტმა.
სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში, გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოქმედების შემდეგ დატოვა. მთავარმა პროკურატურამ მას ბრალი დაუსწრებლად რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე წარუდგინა, მათ შორისაა დაახლოებით 5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სახელმწიფო სახსრების პირადი მოხმარებისთვის გაფლანგვა. მოგვიანებით საქართველოში სააკაშვილზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა გამოცხადდა.
2015 წლის მაისში მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობაზე დაინიშნა.
2015 წლის დეკემბრის დასაწყისში საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ. ქართული კანონმდებლობით, ქვეყნის მოქალაქე სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობას ავტომატურად კარგავს. ახლა სააკაშვილს საქართველოში პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის პოსტის დაკავება არ შეუძლია.