თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. უკრაინის მასმედიაში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ეკა ზღულაძისა და ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის ხატია დეკანოიძის გადადგომის შესახებ იმფორმაცია გაჩნდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
შს სამინისტროს სპიკერმა არტიომ შევჩენკომ ტელეარხ "112 Украина"-სთან კომენტარში განაცხადა, რომ ზღულაძე შვებულებაშია.
„ამჟამად ზღულაძე შვებულებაში იმყოფება. ამასთან დაკავშირებით სულ ეს არის“, – განაცხადა შევჩენკომ.
ზოგიერთი საინფორმაციო სააგენტო სანდო წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ, თითქოს ზღულაძემ გადადგომის შესახებ პატაკი უკვე დაწერა.
„დიახ, ეს სიმართლეა — ზღულაძემ დაწერა განცხადება და თანამდებობიდან წავიდა. ორშაბათიდან ის სამსახურში არ გავა. მაგრამ მიზეზი არა იმდენად პროფესიულ პრობლემებშია, თუმცა ისინიც არსებობს, რამდენადაც პირადი ხასიათისაა — ზღულაძე ბავშვს ელოდება და რადგან მისი ოჯახი საზღვარგარეთ ცხოვრობს, მას იქ დაბრუნება სურს“, — წერს საინფორმაციო სააგენტო Страна წყაროზე დაყრდნობით.
ზღულაძის დედას ჯერ ვერ უკავშირდებიან. ამის გარდა, შს სამინისტროში ხმები დადის, რომ ეროვნული პოლიციის უფროსი ხატია დეკანოიძეც გადადგომის ზღვარზეა.
„ხატია შეიძლება წავიდეს სწორედ პოლიტიკური მიზეზით. ის ხელახალი ატესტაციის გაგრძელებას მხარს უჭერს, შს სამინისტრო კი რიგი სკანდალების შემდეგ ამ პროცესის შეჩერებას აპირებს“, — იუწყებიან მასმედიაში.
37 წლის ეკა ზღულაძემ 2014 წლის 17 დეკემბერს შს მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი დაიკავა. უკრაინაში მან უშუალო მონაწილეობა მიიღო საპატრულო პოლიციის შექმნაში, ასევე სამართალდამცველების ხელახალი ატესტაციის მომზადებით აქტიურად იყო დაკავებული.