დავით ზურაბიშვილი: კოალიციის დაშლა რომელიმე კონკრეტული სუბიექტის გამო არ მომხდარა...

© თ. ჩოჩუადავით ზურაბიშვილი
დავით ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა იყო კოალიციის დაშლის მთავარი მიზეზი, რა გეგმები აქვს რესპუბლიკურ პარტიას და როგორ იბრძვის საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ქალაქის უსისტემო განაშენიანების წინააღმდეგ. „Sputnik“-ის სტუმარია რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის საკრებულოს წევრი დავით ზურაბიშვილი.

– ბატონო დავით, თქვენი გადმოსახედიდან, რა იყო კოალიციის დაშლის მთავარი მიზეზი?
– კოალიციის დაშლა რომელიმე კონკრეტული სუბიექტის გამო არ მომხდარა. მისი შექმნა განაპირობა ერთი მიზნის გარშემო გაერთიანების აუცილებლობამ და იმთავითვე ცხადი იყო, რომ ადრე თუ გვიან იგი დაიშლებოდა, რადგან იქ გაერთიანებულ ძალებს ერთიანი ხედვა და მსოფლმხედველობა არ გააჩნდათ და აუცილებლად დადგებოდა დრო, როცა აზრთა ეს სხვადასხვაობა თავს იჩენდა.
რესპუბლიკურ პარტიას აქვს წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ხედვა და პრინციპები. სანამ ეს თანხვედრაში იყო კოალიციის მიერ გატარებულ პოლიტიკასთან, რესპუბლიკური პარტიის წევრები პირნათლად ასრულებდნენ თავის მოვალეობას, როდესაც აზრთა სხვადასხვაობამ იჩინა თავი, დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, თან ეს იმგვარად მოხდა, რომ კოალიციას ზიანი არ მიდგომოდა.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კახა კალაძე კოალიციის დაშლაში ტრაგედიას ვერ ხედავს

– მოსალოდნელია თუ არა, მომავალ პარლამენტში კვლავ გაერთიანებულ ძალად გიხილოთ?
– ბოლო პერიოდში ბევრ საკითხში ჩვენი ხედვა არ ემთხვეოდა. თუ „ქართული ოცნება“ იხელმძღვანელებს იმ პრინციპებით, რომელთა დეკლარირებასაც ახდენს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მაშინ გამორიცხული არაფერია. ამ ეტაპზე კი უნდა ვაღიაროთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაართვა თავი გამოწვევებს.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოკითხვა: "ქართულმა ოცნებამ" პოზიციები დათმო

– არაერთგზის მომისმენია თქვენი აღშფოთება თბილისში მშენებლობებთან დაკავშირებით, ცნობილი ქართველი არქიტექტორები ამბობენ, რომ თუ ასე გაგრძელდა ქალაქის დაბინძურება სავალალო შედეგებს მივიღებთ.
– ეს ნამდვილად პრობლემაა, სამწუხაროდ, ქალაქის საკრებულოს ამის საწინააღმდეგო ბერკეტები არ გააჩნია, ეს უფრო მერიის შესაბამისი სამსახურების საქმეა, მაგრამ ისინიც ვერაფერს აკეთებენ. უბედურების თავი ნაციონალების მმართველობის პერიოდში უნდა ვეძებოთ. მათ მიერ მიღებული კანონებით ახალი შენობის ასაგებად სურვილის მეტი არაფერია საჭირო. ქალაქი დაყვეს ზონებად და მიანიჭეს გარკვეული კოეფიციენტები. მაგალითად, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია ავიღოთ. მაშინ როცა ეს კანონები გამოიცა სასახლის ირგვლივ ერთსართულიანი კერძო სახლები იდგა და 8-10 სართულიანი სახლების აშენებაზე უპრობლემოდ იღებდნენ ნებართვებს. დღეს ამ ადგილზე უმძიმესი ვითარებაა. მარტო საკრებულო ან თუნდაც მერია ვერაფერს გახდება. საჭიროა სახელმწიფოებრივი მიდგომა, რადგან ქალაქი აღარ ნიავდება და დაბინძურების მასშტაბები უკვე შემაშფოთებელია. დიდი „ომის“ გადახდა დამჭირდა, რომ პეკინის ქუჩის მიმდებარედ, ეკლესიის გვერდით მდებარე საბავშვო ბაღი გადამერჩინა; მაშინ გამგეობა და მერია დამიდგა გვერდით და ინვესტორს სხვა ადგილას გამოუყვეს შესაბამისი ფართი. ასე, ლოკალური ბრძოლით, ამ პრობლემას არ მოევლება. უფრო დიდი და სერიოზული ძალისხმევაა საჭირო.
თენგიზ ჩოჩუა

ყველა ახალი ამბავი
0