თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. თანამედროვე ადამიანი ცოდვას ცოდვად არ მიიჩნევს და ეს ყველაზე საშინელია, განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაში და მრევლს სულიერი განწმენდისკენ მოუწოდა.
დიდმარხვის მეხუთე კვირას მართლმადიდებლური ეკლესია მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღეს აღნიშნავს — ცოდვილისას, რომელიც წმიდანად შერაცხეს. მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, პატრიარქი მის ცხოვრებაზე ესაუბრა მრევლს და აღნიშნა, რომ მარიამ ეგვიპტელი გახლავთ მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დათრგუნოს ადამიანმა ცოდვები და გათავისუფლდეს ვნებებისგან.
„კაცობრიობა სულ უფრო და უფრო ეფლობა ცოდვებში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სულიერად განვიწმინდოთ“, — ბრძანა ქართული ეკლესიის წინამძღოლმა.
გასაკვირია, რომ ადამიანი სულიერად ეცემა, მაგრამ ვერ შეიგრძნობს ამას, აღნიშნა კათოლიკოს–პატრიარქმა.
მისი თქმით, ახლოვდება ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღეასწაული და ადამინებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ღირსეულად შეხვდნენ მას.
მომდევნო კვირას მართლმადიდებლური სამყარო ბზობას აღნიშნავს — ქრისტეს იერუსალიმში შესვლის დღეს, ხოლო აღდგომას 1 მაისს იზეიმებს.
ღირსი მარიამ ეგვიპტელი თორმეტი წლის ასაკში გაიქცა მშობლიური სახლიდან და ჩვიდმეტი წლის განმავლობაში მისდევდა უზნეო ცხოვრებას ალექსანდრიაში, მაგრამ ამას ფულადი გამორჩენის მიზნით არ იქმოდა – დღიურ სარჩოს შოულობდა ქსოვითა და კერვით, ხოლო მეძავობას სჩადიოდა იმ შეგნებით, რომ ცხოვრების არსი მხოლოდ ხორციელი ვნების დაკმაყოფილება იყო.
ერთხელაც ის თან გაჰყვა მომლოცველებს იერუსალიმში, რომლებიც გემით მიემგზავრებოდნენ ჯვართამაღლების დღესასწაულზე დასასწრებად. მაგრამ მარიამის მგზავრობის მიზანს ლოცვა კი არ წარმოადგენდა – იგი თვით ღვთისმოსავთა შორისაც კი მაცდურად იქცეოდა.
იერუსალიმში მარიამი ხალხის ნაკადს მიჰყვა ეკლესიაში, მაგრამ ტაძარში შესვლა ვერ შეძლო – რაღაც უხილავმა ძალამ შეაკავა და არ შეუშვა.
ღვთისმშობლის ხატმა მიახვედრა იგი, რომ ეკლესიაში მას საკუთარი ცოდვები არ უშვებდა. მარიამმა ლოცვით შესთხოვა ღვთისმშობელს, შეეშვა ეკლესიაში, რათა იმ ჯვრის ხილვის ღირსი გამხდარიყო, რომელზეც ევნო მაცხოვარი. მისი ლოცვა შესმენილ იქნა – მარიამმა შეძლო ტაძარში შესვლა. ხოლო ჯვრის ხილვამ იგი მიახვედრა, რომ უფალი მიუტევებს მონანიე ცოდვილთ. მარიამმა შესთხოვა ღვთისმშობელს, ეჩვენებინა მისთვის სინანულის გზა.
ღვთისმშობლის მითითებით წარემართა მარიამი მდინარე იორდანისაკენ, დასახლდა უდაბნოში და მარტოდმარტო განვლო იქ 47 წელი; იკვებებოდა მცენარეთა ფესვებითა და ბალახებით. პირველი 17 წლის მანძილზე მას ებრძოდნენ წარსულის ვნებიანი ფიქრები და მაცდუნებელი ზრახვები, მაგრამ ლოცვითა და ნებისყოფის მოკრებით უმკლავდებოდა მათ, როგორც მძვინვარე მხეცებს. 17 წლის შემდეგ მარიამს დაეხსნენ მტანჯველი ფიქრები და მოიხვეჭა დიდი მადლი უფლისა – ის ლოცვის დროს მაღლდებოდა მიწის ზედაპირიდან და შეეძლო მდინარეზე სიარული.