აღდგომის მარხვა

© საპატრიარქომაცხოვრის ხატი
მაცხოვრის ხატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეიდან აღდგომის მარხვა დაიწყო, რომელიც ყველაზე ხანგრძლივია და შვიდ კვირას გრძელდება. დიდმარხვის დაწყების წინა დღეს ეკლესიებში შენდობის ლოცვა სრულდება. შენდობის ლოცვა სამების ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღავლინა. ილია მეორემ მრევლი დალოცა და ერთმანეთის შენდობისკენ მოუწოდა.

„მაცხოვარი ამბობს: თუ შენ შეუნდობ მოყვასს, უფალი მამაზეციერი შეგინდობს შენ და თუ შენ არ შეუნდობ, არც მამაზეციერი შეგინდობს შენ. შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა მოგვცეს ძალა, რათა გავუმკლავდეთ ბოროტ ძალას“.
რატომ უნდა ვიმარხულოთ, ვიაროთ ეკლესიაში და რითია ეს მარხვა სხვებისგან განსაკუთრებულად გამორჩეული, ამაზე სასაუბროდ ვეწვიეთ სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზ თავმაზს (ესიტაშვილს).
– მამაო, დღეიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მარხვა დაიწყო…
— დიახ, დღეიდან ყველაზე ხანგრძლივი მარხვა დაიწყო. ეს ადამიანის სულიერი განწმენდისთვის განსაკუთრებული პერიოდია. ეს არის დამხმარე საშუალება ღმერთისკენ მიმავალ გზაზე. მარხვა წმინდა ეკლესიის მიერ  დაწესებული ცხოვრების გარკვეული წესია, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ. სასურველია, ეს მარხვა ყველა მონათლულმა ადამიანმა დაიცვას. აღდგომის მარხვას, როგორც განსაკუთრებული სიმკაცრით გამორჩეულს, ასევე  სინანულის მარხვასაც უწოდებენ. ამ დროს იკითხება ანდრია კრიტელის კანონი, რომელიც ადამიანში სინანულს ბადებს. ასევე ამ მარხვაში იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა, რაც სულიერ მადლს აღვიძებს ადამიანში. ამ მარხვაში თითქმის მონასტრული წესით ლოცულობენ საერო ეკლესიებშიც. ეს მარხვა უკავშირდება მაცხოვრის ვნებას, ჯვარცმას და აღდგომას. ამ დროს გვეძლევა საშუალება, ცოტათი მაინც მივხვდეთ, თუ რა გზა გამოიარა ჩვენმა მოძღვარმა და მასწავლებელმა უფალმა იესო ქრისტემ. ასევე ეს მარხვა გამორჩეულია იმითაც, რომ ტაძრებში სრულდება შვიდგზის ზეთისცხების საიდუმლო, რომლის დროსაც გვეპატიება ის ცოდვები, რაც არ გვახსოვს.  საჭიროა ამ დროს ხშირი ზიარება, რომლითაც გვეძლევა ძალა ფიზიკური და სულიერი არსებობისთვის.

© რ. შაიშმელაშვილიაღსარებაზე
აღდგომის მარხვა - Sputnik საქართველო
აღსარებაზე

– მამა თავმაზ, იქნებ განგვიმარტოთ, რას ნიშნავს ვიყოთ მართლმადიდებელი ქრისტიანები?
— პირველი, რაც მინდა გითხრათ, მართლმადიდებლობა და ქრისტიანობა არავის არ აიძულებს რამეს. ჩვენ  მხოლოდ სიყვარულისკენ მოვუწოდებთ ადამიანებს. მაგალითად, როცა ადამიანი ამბობს „მე მიყვარს“, ეს ნამდვილად ასეა? თუ გიყვარს, არაფრის ანგარება არ უნდა გქონდეს, არავისი არ უნდა შეგშურდეს, არავინ არ უნდა განიკითხო, თუ ამ ყველაფერს არ აკეთებ, ესე იგი, ნამდვილი სიყვარული არ გაქვს და არც უფალი გყვარებია. უფალი მოვიდა იმიტომ, რომ ჩვენი ცოდვები თავის თავზე აეღო. როცა ჯვარზე აკრავდნენ, ერთი სიტყვაც რომ ეთქვა, შეაჩერებდა ჯვარცმას, მაგრამ ის იმ წამებშიც კი ჩვენზე ზრუნავდა. მან თავისი საქციელით დაგვანახა, როგორ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, რომ დაგვჭირდეს, თავიც კი უნდა გავწიროთ და თუ ეს შიგნიდან არ გაქვს, ვერავითარი სიყვარული ბუნებაში ვერ გექნება. არ იფიქროთ, ამ წუთას, თქვენ რომ გესაუბრებით ამას, მე თვითონ სიყვარული მაქვს ან ვიცი, უბრალოდ, ვცდილობ ვისწავლო ნამდვილი სიყვარული, ამაში კი მარხვა და ლოცვა მეხმარება. როცა ლოცვებს ვკითხულობ, სულ ცოტათი უფალს ვუახლოვდები. მინდა ყველამ ერთად ვილოცოთ, მოვეფეროთ და გულში ჩავიკრათ ერთმანეთი, ისე, როგორც მაცხოვარმა ჩაგვიხუტა ჩვენ და მაშინ ვიგრძნობთ ნამდვილ სიყვარულს. ერთხელ მაინც თუ შემოვიდა ტაძარში ადამიანი, შანსი გაუჩნდება უფლის გვერდით დადგომისა.
– მამაო, ლოცვაზე გაამახვილეთ ყურადღება. ხშირია შემთხვევა, როცა მექანიკურად ვლოცულობთ, მაშინ რა აზრი აქვს ასეთ ლოცვას?
— მაინც ძალიან კარგია. ერთმა წმინდა მამამ თავის მოძღვარს უთხრა: „როცა ფსალმუნს ვკითხულობ, გონება მეფანტება და რად მინდა რომ წავიკითხოო. მოძღვარმა უპასუხა, არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტო კითხვა, გონება სულ რომ გაგეფანტოს, მაინც ბოლომდე წაიკითხე, რადგან უფალი იმ წამს შენ გვერდით დგას და ძალას გაძლევსო. ჩვენი პატრიარქის კურთხევაა ასეთი, 26-ე, 50-ე, 90-ე ფსალმუნები თუ მთელი გულით წაიკითხე, ადამიანმა ცეცხლშიც რომ გაიაროს, არაფერი მიეკერებაო – იმხელა ძალა აქვს ამ ლოცვებს.
– მამაო, ასევე ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი მთელი ცხოვრება ტაძარში დადის, მარხულობს, მაგრამ ისეთი განსაცდელი ხვდება, რომ შემდეგ გულს იცრუებს. ასეთ დროს როგორ უნდა მობრუნდეს  ადამიანი ეკლესიისკენ?
— ამასთან დაკავშირებით ერთი ნამდვილი ამბავი მახსენდება, რომელზეც შემდეგ ფილმიც კი გადაიღეს: იყო ძალიან ძლიერი მომღერალი, რომელსაც საოცარ ხმასთან ერთად ბევრი ცუდი მიდრეკილებებიც ჰქონდა – ეძლეოდა ნარკოტიკებს, იცვლიდა ნაირ-ნაირ შეყვარებულებს და ერთ დღესაც მისი უკანასკნელი ნამდვილი სიყვარული ხელიდან გამოეცალა. შეყვარებულმა თავი მოიკლა. ამის შემხედვარემ მომღერალმა ისე განიცადა ეს ამბავი, ყველაფერს თავი დაანება, სიმღერასაც კი. არაფერი არ უნდოდა, ყოველდღე ღმერთს სთხოვდა, მასთან წამიყვანეო. ერთხელაც უახლოესმა მეგობარმა ურჩია, ისევ შენი სიმღერა თუ გიშველის და გადაგარჩენსო. და, მართლაც, როგორც კი ის დაუბრუნდა სცენას, მაშინვე გამოვიდა მდგომარეობიდან. უფალი ამით გვასწავლის ცხოვრებას, ჩვენ გარშემო სულ სასწაულები ხდება, მთავარია, შევძლოთ და დავინახოთ ეს ყველაფერი.
– და, ბოლოს, მამაო, რატომ უნდა ვითხოვოთ შენდობა ერთმანეთისგან?
— ვთქვათ, მიდიხარ შენთვის გზაზე და ამ დროს ქუჩაში ვიღაცამ სრულიად მოულოდნელად შეურაცხყოფა მოგაყენა. ეს იმდენად საზარელია შენთვის, რომ მაშინვე საცემრად იწევ ხომ? ეს კი საშინელებაა!.. უფალი გვეუბნება, ბოროტს ვერაფრით დაძლევ, ამიტომ მხოლოდ ეს უთხარი – „ღმერთმა შეგინდოსო“. ძალიან ხშირად ის, ვინც წამების წინ ქვას ისროდა შენკენ, ამ სიტყვების დამთავრებისთანავე მობრუნებულა და შენი საუკეთესო მეგობარიც გამხდარა შემდეგ. მაგრამ ეს იმდენად რთული სათქმელია, იმდენად, რომ ბოლომდე მაინც ვერ ამბობს ადამიანი, არა და რამდენჯერაც გთხოვენ შენდობას, იმდენჯერ უნდა შეუნდო. ადამიანი თუ გრძნობს თავის სინანულს, მარხულობს, ითმენს ბევრ რამეს, უფალი ყველაფერს პატიობს. „არა არს ცოდვა, სინანულს აღემატებოდეს“! უფალი ყოველ წამს ჩვენთანაა, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ, სხვა რამისკენ მიგვიწევს გული და ამიტომ. არა და, ერთხელ მაინც რომ დავინახოთ, მთელი ცხოვრება ჩაგვიხუტებს და არასოდეს არაფერს მოგვაკლებს.
– დიდი მადლობა, მამაო, საინტერესო საუბრისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0