თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. მათემატიკურად მოწყობილი გონების მქონე ადამიანების ტვინში არსებობს ფარული ზონები, რომლებიც რიცხვების ინტუიციურ გაგებაზე აგებს პასუხს, დაასკვნეს ფრანგმა მეცნიერებმა. კვლევა ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences–ში გამოქვეყნდა, წერს РИА Новости.
აქამდე მათემატიკისადმი მიდრეკილება ზოგ ადამიანში ორი ჰიპოთეზით აიხსნებოდა. აქედან ერთის თანახმად, მათემატიკური უნარების განვითარება ისტორიულად ენისა და მეტყველების წარმოშობას უკავშირდება, ხოლო მეორე ჰიპოთეზის თანახმად, ციფრებთან და აბსტრაქტულ მათემატიკურ ცნებებთან მუშაობისას ტვინი სივრცისა და დროის ინტუიციურ გაგებას რთავს, რომელიც უფრო ძველია, ვიდრე ენა.
იმისათვის, რომ ენისა და მათემატიკის ურთიერთობებში გარკვეულიყვნენ, სწავლულებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელშიც პროფესიონალი მათემატიკოსები და ამ მეცნიერებისგან შორს მყოფი ადამიანები მონაწილეობდნენ. ორივე ჯგუფის წევრების განათლების დონე თანაბარი იყო.
ექსპერიმენტის მონაწილეებს შესთავაზეს რამდენიმე მტკიცებულება, რომლებიც მათ უნდა შეეფასებინათ როგორც ჭეშმარიტი, ცრუ ან უაზრო. აქედან ნაწილი მტკიცებულებებისა მათემატიკას უკავშირდებოდა, მეორე ნაწილი კი — არა. ექსპერიმენტის მსვლელობისას მონაწილეების ტვინს ფუნქციონალური ტომოგრაფიით ასკანერებდნენ და არკვევდნენ, ტვინის რომელი უბანი იწყებდა მუშაობას ამა თუ იმ მოქმედებისას.
ჩვეულებრივი მტკიცებულებების შეფასებისას ტექნიკოსებისა და ჰუმანიტარების ტვინი ერთნაირად რეაგირებდა. მაგრამ როცა საქმე ალგებრასთან, გეომეტრიასთან და მათემატიკურ ანალიზთან დაკავშირებულ მტკიცებულებებზე მიდგა, აღმოჩნდა, რომ მათემატიკოსების ტვინის ქერქში განსაკუთრებული ზონები აქტიურდებოდა. ხოლო იმათ, ვისაც მათემატიკური განათლება არ ჰქონდათ, ტვინის ეს ზონები მხოლოდ მაშინ უაქტიურდებოდათ, როცა იოლ მათემატიკურ ამოცანებს ხსნიდნენ.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მათემატიკური აზროვნებისას ტვინი ამოქმედებს ნეირონულ ქსელს, რომელიც რიცხვების, სივრცისა და დროის აღქმაზე აგებს პასუხს. ის განსხვავდება ენობრივ კომპეტენციასთან დაკავშირებული ნეირონული ქსელისგან.
ამრიგად, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მათემატიკური უნარების განვითარება არანაირად არ უკავშირდება ენას.