მეცნიერთა ჯგუფი ამტკიცებს, რომ ქრისტეს ანუ სიტყვის სამოსელი ქართულია

© ნ. ლომსიანიძე"იესოს ქართული სამოსელის" ავტორთა ჯგუფი
იესოს ქართული სამოსელის ავტორთა ჯგუფი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში, ეროვნულ მუზეუმში გამართულ ფაზისის სამეცნიერო აკადემიის სხდომაზე ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის დეპარტამენტთან არსებულმა ბიბლიის მეცნიერული კვლევის საზოგადოებამ „მეცნიერება უკეთესი მომავლისათვის“ მორიგი სამეცნიერო ფილმის "იესოს ქართული სამოსელი" პრეზენტაცია გამართა.

ლალი ნოზაძე

მეცნიერთა ჯგუფის კვლევის საგანი წმინდა წერილთან მიმართებაში ქართული ენის რაობის გარკვევა და მეცნიერული დამოკიდებულების როლის განსაზღვრაა. ფილმთან დაკავშირებით ჩვენ რამდენიმე კითხვით სხდომის მომხსენებელს ბიბლიის მეცნიერული კვლევის საზოგადობის წევრს ზაალ ლომსიანიძეს მივმართეთ.
-ბატონო ზაალ, ჩვენი წინა საუბრის დროს თქვენს კვლევებზე დაყრდნობით ადასტურებდით, რომ წმინდა წერილის საიდუმლოთა გასაღები ქართულ ენასა და დამწერლობას აბარია. დაპირებისამებრ, გამოიკვლიეთ თუ არა შვიდი ბეჭდის საიდუმლოდან ერთ-ერთი?
— ჩვენი ჯგუფის დაუღალავმა შრომამ გაარკვია, რომ წმინდა წერილის  საიდუმლოთა გასაღები ქართულ ენასა და დამწერლობაში  დევს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს წმინდა წერილს გახსნილი არ ჰქვია. გამოცხადებაში ასეთი მითითებაა: „…და ვიხილე საყდართა ზედა მჯდომარისა ხელში წიგნი, დაწერილი შინადან და გარეგან, დაბეჭდული ბეჭდითა შვიდითა“ და შემდეგ წერია, რომ „დიდხანს ვიდექი და ვტიროდი, ფრიად, რამეთუ არავინ მეპოვა, რომელსამცა განევო წიგნი, ანუცა მიეხედნეს მას“. აქ ჩანს, რომ შვიდი ბეჭდით დალუქული  წიგნი გაღებული არ არის. ე.ი. გამოცხადება გვეუბნება, რომ დღევანდელი მომენტისთვის ეს წიგნი გახსნილი არ არის. ჩვენი კვლევებით შვიდი ბეჭდის საიდუმლო ესაა სულიერი წერის შვიდი საიდუმლო. ანუ, სანამ არ გაირკვევა დამწერლობითი კუთხით წმინდა წერილისეული წერის შვიდი სულიერი საიდუმლო, მანამდე ეს წიგნი ინფორმაციული არ იქნება. ფაქტიურად მიკრო ჩიპივით გამოდის თუ გახსნის კოდი არ მიუდგა, ისე ინფორმაცია დახურულია. ჩვენ ინტერნეტსივრცეში მოწოდებული გვაქვს ფილმი „მეორედ მოსვლის მთავარი ნიშანი“, სადაც ჩვენ  ვაჩვენებთ ენის რაობას, თუ როგორ არის წმინდა წერილში მითითებული, რომ ეს ენა ქართულია. მეორე ფილმიც არის „მე ვარ ანი და ჰოე“, არსი იმისა თუ, ენა როგორ პასუხობს წერილს აქ დევს, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე აქტუალურ საკითხად მიგვაჩნია, წიგნი გახდეს გახსნილი.  წერილში მითითებულია და მოძღვრებიც ადასტურებენ, რომ წმინდა წერილი მეორედ მოსვლის ჟამს გაიხსნება. ძალიან კარგი თუ უფალი გახსნის და გვამცნობს შვიდი ბეჭდის საიდუმლოს, რის შემდეგაც ჩვენ მივიღებთ წიგნს, რომელიც იქნება სრულიად სხვა სულიერი ინფორმაციებით აღსავსე. მაგრამ ისმის კითხვა, სანამ ეს მოხდება რას ვასწავლით? ვასწავლით გაუხსნელი წიგნიდან? ჩვენ პიროვნულად არავისთან დავას არ ვაპირებთ, არამედ ვსვამთ კითხვას, ის წიგნი რომელშიც ასე წერია, ასე გვიხსნიან მოძღვრები და წმინდა მამები, ასე მიმდინარეობს სწავლება სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში, აი ამ წიგნს, რომელსაც თვით წმინდა წერილიც ადასტურებს, გახსნილი არ ჰქვია. წმინდა წერილის გახსნას კი, სულიერი წერის საიდუმლოს ცოდნა სჭირდება. იმ აზრის საპირისპიროდ,  რომ კაცთაგან შეუძლებელია ამ საიდუმლოს გახსნა  მოვიყვან მაგალითს, არსებობს იესო ქრისტეს მიერ მიწერილი წერილი ავგაროზს, სადაც ძალიან კონკრეტულად წერს- „ბეჭედთა განმარტებები არს ესე…“ და ჩამოთვლილია შვიდივე ბეჭედი, ქართული ასო-ნიშნების მითითებით. ეს ყველაფერი უფლის მიერაა ნაკარნახევი, მინიშნებული და დადებული, ჩვენ უბრალოდ უნდა გამოვიყენოთ და განვავითაროთ.
-თქვენი კვლევის მიხედვით რომელია პირველი და უმთავრესი საიდუმლო?
— ფილმი „იესოს ქართული სამოსელი“ სწორედ პირველ და უმთავრეს საიდუმლოს ეხება. პირველი ბეჭედი, რომელსაც ჩვენი შრომებით ვადასტურებთ არის ჯვარცმა, მამის ნებად დასახელებული ყველაზე დიდი საიდუმლო. წერილის მიხედვით ძე ამბობს, რომ სიტყვაში მყოფი მამა მასშია, ამიტომ ჩვენ ამ ტოლობიდან გამომდინარე ჯვარცმაში სიტყვის ჯვარცმა დავინახეთ. დავინახეთ რა არის სიტყვაში მყოფი მამა, როგორ შეიძლება შევეკითხოთ მას და მივიღოთ პასუხები. ამ საიდუმლოში ჩახედვისთანავე ცხადი ხდება, რომ წმინდა წერილი არის ქართული დამწერლობის შედევრი, რომელიც დღეს წართმეულია. წერილის მიხედვით ქართული ენა ლაზარე 4 დღის მკვდარია და „დღე ერთი, ვითრცა წელი ათასი“. ე.ი. 4 ათასი წლის წინ წაგვერთვა წერილი, ენა და ისტორია. მოპოვებული გვაქვს იმის მტკიცებულებებიც, რომ 4 ათასი წლის წინათ დაწყებული, ვიდრე ქრისტემდე, საქართველოში ინტენსიურად განადგურდა ყველა ტიპის ხელნაწერი. როგორ შეიძლება ქვეყანას, რომელსაც 8 ათასი წლის ქვევრი, ღვინო და წიპწები აქვს, შესაბამისი ისტორია არ ჰქონდეს? 8 კი არა, 4 ათასი წლის ისტორია არა გვაქვს და რაც გვაქვს, ისიც გამრუდებული და დამახინჯებულია. ვინც ეს მოიმოქმედა, იმას არ სჭირდებოდა არსებულიყო ქართული დამწერლობა, ის მდიდარი ისტორია, რომელიც იმეტყველებდა, რომ ამ წერილს ის ქვეყანა დაწერდა, რომელსაც ასეთი ისტორია აქვს. მეცნიერები დამეთანხმებიან, რომ საფლავის ქვებზეც კი გადაკეთდა ქართული წარწერები. აღსანიშნავია, ჩვენი სახელოვანი ქართველი მეცნიერის გია კვაშილავას მიერ ფესტოსის დისკოს წარწერების გაშიფვრის ფაქტი. 4 ათასი წლის წინანდელ დისკოზე წერია გაფრთხილება იმის შესახებ, რაც ქართულ დამწერლობას ემუქრება. კერძოდ, მოწოდებაა მისი დაფარვისა და გადამალვის, რომ არ განადგურდეს. რაც მტერმა გაანადგურა, გაანადგურა, მაგრამ იმ ჭკვიანმა ადამიანებმა, ვისაც უყვარდა თავისი სამშობლო, ენა და დამწერლობა  შეინახეს  ნაწილი ამ დიდებული განძისა. წერილი გვეუბნება, რომ ერთ მშვენიერ დღეს ის გამოქვაბული გაიხსნება, სადაც ის გადამალულია და იქიდან გამოვა ლაზარე, ქართული ენა.


-საიდან მტკიცდება, რომ ქრისტეს ანუ სიტყვის სამოსელი ქართულია?
— ვიცით, რომ ღმერთს ორი ბუნება აქვს, სულიერი და ხორციელი. რადგან ღმერთი სიტყვაა ვთქვით, რომ ჩვენ მის ჯვარცმასთან ერთად განვიხილავთ სიტყვის ჯვარცმას და ვაღიარებთ მის ხორციელ და სულიერ ბუნებას. წმინდა წერილის მიხედვით შეპყრობილ ძეს ჯერ ჰეროდემ, ხოლო შემდეგ პილატემ სამოსელი გამოუცვალეს. ტოლობიდან  გამომდინარე სიტყვასაც გამოეცვალა სამოსელი. სიტყვის ხორციელი, ხილული სამოსელი ეს არის ის, რასაც ჩვენ თვალით ვხედავთ. მისი  შეცვლა, კი  დამწერლობითი ფორმის შეცვლითაა შესაძლებელი. ხოლო იმისათვის, რომ ჩავწვდეთ სიტყვის სულიერ ინფორმაციებს, პირველი ბეჭდის თანახმად, სიტყვის ხორციელი ბუნება ჯვარს უნდა ეცვას. ჯვარცმის კანონი ითვალისწინებს, მამის ნების შესასრულებლად წმინდა წერილს ჩაეცვას დედანი დამწერლობის სამოსელი. ამოტომაც, ჯვარცმის წინ იესოს აცმევენ თავის სამოსელს. დღევანდელი მოცემულობით ძველი აღთქმის დედანი ივრითითაა შესრულებული, ხოლო ახალი აღთქმის ბერძნულად, თუმცა წმინდა წერილის სულიერი წერის კანონები ამას არ ეთანხმება. აქ საუბარია წერილის დამწერლობით ინფორმაციებზე ანუ სიტყვის სულიერ ბუნებაზე, რომლის მოთხოვნებს მხოლოდ ქართული ენა პასუხობს.
-ბატონო ზაალ, თქვენი კვლევების მიმართ როგორია მეცნიერთა ჯგუფის დამოკიდებულება და ცნობიერების ხარისხი?
— ჩვენი კვლევების მიმართ ინტერესი თანდათან იზრდება. ამაზე მოწმობს  საკონფერენციო  დარბაზებში მეცნიერებისა და დაინტერესებული ადამიანების სიმრავლე. ჩვენ ისეთ თემებს ვეხებით, რომ იმედი მაქვს  ჩვენი და საპატრიარქოს მეცნიერთა შესაბამისი ჯგუფები ერთ მშვენიერ დღეს დასხდებიან და იმსჯელებენ ამ საკითხებზე.
- ბატონო ზაალ სად შეიძლება თქვენი სამეცნიერო ჯგუფის შრომებისა და სამეცნიერო ფილმების გაცნობა?
— ჩვენ გვაქვს ფეისბუქ გვერდი „მეცნიერება უკეთესი მომავლისათვის“, სადაც ამ ყველაფრის ნახვაა შესაძლებელი.
-მადლობა, წარმატებებს გისურვებთ!

ყველა ახალი ამბავი
0