თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. მიმდინარე წლის 24-25 მაისს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკურ საბჭოსთან პარტნიორობით, საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენციას უმასპინძლებს, ამის შესახებ ღონისძიების ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.
ყოველწლიურად, კონფერენციაზე თავს იყრის 300-მდე სტუმარი, სადაც განიხილება გლობალური და ტრანსატლანტიკური საზოგადოების წინაშე არსებული საფრთხეები, გამოწვევები და მათი გადაჭრის შესაძლო გზები.
კონფერენცია აერთიანებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებიც ინტერაქტიული პლენარული სხდომებისა და ღია დისკუსიების ფორმატში ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ მოსაზრებებსა და ხედვებს დღევანდელი საერთაშორისო წესრიგის წინაშე არსებულ უმნიშვნელოვანესი გამოწვევების შესახებ.
კონფერენციის დღის წესრიგი ითვალისწინებს დისკუსიებს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებსა და საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებთან. საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და სხვა პოლიტიკური ფიგურები კონფერენციის მონაწილეებთან ერთად ჩაერთვებიან ინტერაქტიულ განხილვებში საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევების
კონფერენციაზე ინტერაქტიულ რეჟიმში განიხილება ოთხი მთავრი თემა. პირველი დღე სრულად დაეთმობა ნატოს, სადაც მთავარი აქცენტი მოახლოებულ ვარშავის სამიტზე გაკეთდება. მონაწილეები განიხილავენ სამიტის დღის წესრიგის ძირითად საკითხებს. მეორე დღეს დაგეგმილია უსაფრთხოების არსებული გამოწვევების სამი ყველაზე აქტუალური თემის განხილვა: ე.წ. შავი ზღვის ფართო რეგიონის, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილის უსაფრთხოება; თანამედროვე საერთაშორისო წესრიგის წინაშე არსებული საფრთხეები და მათი ზეგავლენა მცირე ქვეყნებზე; ომის არაკონვენციური განზომილებები.
წლევანდელი საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია ქვეყნის დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს ემთხვევა. კონფერენციის სტუმრები, ასევე მიწვეულნი არიან 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებზე.