თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. საქართველო 117 ქვეყანას შორის დანაშაულის ინდექსით (Crime Index for Country 2016) მეექვსე ადგილზე მოთავსდა, რითიც ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა გახდა. რეიტინგი სერბეთის დამოუკიდებელმა კვლევითმა ვებ-გვერდმა numbeo.com მოამზადა.
გამოცემის მონაცემებით, საქართველოში დანაშაულის ინდექსი 22,16-ს შეადგენს, ხოლო უსაფრთხოების ინდექსი — 77,84-ს.
უსაფრთხოების მაჩვენებლით საქართველომ თავის უახლოეს მეზობლებს — სომხეთს (25-ე ადგილი), აზერბაიჯანს (31-ე ადგილი), თურქეთსა (47-ე ადგილი) და რუსეთს (68-ე ადგილი) გაუსწრო.
ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად მიჩნეულია სამხრეთ კორეა. მისი დანაშაულის ინდექსი 14,31-ს შეადგენს, ხოლო უსაფრთხოების ინდექსი — 85,69-ს. შემდეგ მოდიან სინგაპური, იაპონია, ჰონგ-კონგი და ტაივანი.
უსაფრთხო ქვეყნების ათეულში მოხვდნენ ასევე კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ავსტრია და ესტონეთი.
ყველაზე ცუდი მაჩვენებლები აქვთ ვენესუელას, სამხრეთ სუდანსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას — ეს ქვეყნები რეიტინგის ბოლო ადგილებზე განთავსდნენ.