თეა სირაძე - გისოსებს მიღმა სიყვარულია

© Denis Aslanovთეა სამხარაძე
თეა სამხარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სივრცე, რომელშიც ბევრი „აკრძალულია!“ არსებობს. მავთულხლართი, რომელიც მკაცრი რეალობის აღქმას კიდევ უფრო გიმძაფრებს და სადაც თითოეული მათგანი დაუპატიჟებელი სტუმარია, რომელთაც „გარეთ“ აღარ უშვებენ. ეს რუსთავის ქალთა კოლონიაა.

ანა ქათამაძე

მოქმედების ადგილი: ქალთა კოლონია

მოქმედების დრო: 2016 წლის 15 აპრილი

მოქმედი პირები: სიყვარული

„საბრალდებო დასკვნა“

თეა სირაძე პროფესიით პედაგოგი, კიკბოქსინგში საქართველოს ჩემპიონია, რომელიც 2010 წელს ხუთი ინდოელი მამაკაცის ცემისთვის დააპატიმრეს და 28 წელი მიუსაჯეს. მას ადამიანის გატაცება, ფულის გამოძალვა და ხულიგნობა დაედო ბრალად. 2013 წლის ამნისტიის შედეგად სასჯელის ვადა შეუმცირდა და 13 წელი შეეფარდა. ის დღეს მხოლოდ ადამიანის გატაცების მუხლით იხდის სასჯელს.

თეას ოთხი შვილი ჰყავს, რომელთა წინაშეც თავს ყველაზე მეტად დამნაშავედ გრძნობს, რადგან ისინი ოჯახისა და ღვთის ანაბარა დატოვა.

თეა სირაძე: აქ ყოფნის დღეებს არ ვითვლი, არ მინდა… შინაგანად ძლიერი ვარ და ეს მაძლებინებს აქაურ ყოფას. უკვე აღარ მეშინია. 2012 წლამდე თითქმის ყველა პატიმარს დაღამების გვეშინოდა, რადგან არავინ იცოდა, ვის საკანს გააღებდნენ და საცემრად გაიყვანდნენ. ის საშინელი და განწირული ხმა შინაგანად იმდენად მანგრევდა, რომ ღრიალი მინდოდა, მაგრამ… ვერ წარმოიდგენთ, რა რთულია როდესაც ამ დროს შეგიძლია და ვერ ეხმარები… მაშინ პატიმრებისთვის გაუსაძლისი პირობები იყო, საჭმელში მწერებს ვპოულობდით, მართალია „გარედან“ მაშინ ყველაფერი შემოდიოდა, მაგრამ ახლა გაცილებით უკეთ ვართ, რადგან ყველა და ყველაფერი კონტროლდება, ზუსტად იცი, რომ მორიგე ზედმეტად არაფერს გაკადრებს…

© Denis Aslanovრუსთავის ქალთა კოლონიაში გრძელვადიანი პაემნები 2015 წლის დეკემბრიდან დაუშვეს.
რუსთავის ქალთა კოლონიაში გრძელვადიანი პაემნები 2015 წლის დეკემბრიდან დაუშვეს. - Sputnik საქართველო
რუსთავის ქალთა კოლონიაში გრძელვადიანი პაემნები 2015 წლის დეკემბრიდან დაუშვეს.

კოლონიაში ყოფნის დროს სამი დირექტორი გამოვიცვალე, რომლებსაც მათი გამორჩეული პატიმრები ჰყავდათ, ახლა კი ყველაფერი სხვანაირადაა. ქალბატონი ნესტანისთვის (კოლონიის დირქტორი ნესტან ვერულაშვილი — რედ.) ყველა პატიმარი ერთნაირია, აქ გამონაკლისი არ არსებობს. თუ პრეცედენტი ერთისთვის დაიშვა, მაშინ ის ყველაზე ვრცელდება. აქ სამკერვალო, სილამაზის სალონი, ფიტნეს-ცენტრი, ფრენბურთის მოედანი, ბიბლიოთეკა გვაქვს, გარდა ამისა, ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია ისწავლოს ქარგვა, კერვა, თექაზე მუშაობა. ბევრი კარგი რამ დაინერგა ამ პერიოდში, დეკემბრის თვიდან გრელვადიანი პაემნები დაუშვეს, რომლითაც სარგებლობა წელიწადში 2-3 ჯერაა შესაძლებელი.

– აქაურობას ეტყობა, რომ ქალთა კოლონიაა…

— ადმინისტრაციისგან ყველა პირობა გვაქვს შექმნილი, რომ ამ ჩაკეტილ სივრცეშიც ადამიანურად ვიგრძნოთ თავი. ამ ყურადღებას ყოველწუთს ვგრძნობთ. ყველაზე ბედნიერები ვიყავით, როდესაც რუსთაველის თეატრში სპექტაკლი „ჩემი მძევალი ანგელოზები“ ვითამაშეთ. მე მათხოვრის როლს ვასრულებდი. მშიერი, მწყურვალი მათხოვარი, რომელიც წყალობის ნაცვლად ხშირად საზოგადოების დაცინვის ობიექტი ხდება… ამ სპექტაკლში ჩვენი განცდები, სურვილები და ფიქრები განვასახიერეთ. სულ შვიდი პატიმარი ვთამაშობდით და, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იმ დღეს თითოეული თავიდან დავიბადეთ. დარბაზში პატრიარქი ბრძანდებოდა, სპექტაკლს ჩვენი სამინისტრო, დეპარტამენტი, კოლონიის ადმინისტრაცია, ქალი და მამაკაცი პატიმრები, პრობაციონერი ქალები და ჩვენი ოჯახის წევრები იყვნენ. სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ ემოციას, ყველა ტიროდა ჩვენთან ერთად… ახლაც მახსენდება ჩემი გმირის სიტყვები – „ნუ ახსენებ ღმერთს! ეს მას ვუყვარვართ, ჩვენ რომ ის გვიყვარდეს, არც ასეთები ვიქნებოდით და არც ვიქნებოდით!..“

რუსთავის ქალთა კოლონია - Sputnik საქართველო
დედაწართმეული შვილები, მავთულხლართების მიღმა სამყარო - უფალო, შეუნდე!

მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი მღებრიშვილს, კახი კახიშვილს, პრემიერს, განსაკუთრებული მადლობა ნესტან ვერულაშვილს, რომელიც თითოეული მსჯავრდებულის მეგობარია. მინდა პრეზიდენტს შეწყალება ვთხოვო და ვუთხრა, რომ ვნანობ ჩადენილ დანაშაულს და მსურს, მე და შვილებს ეს ტკივილი და მონატრება გვაკმაროთ. სიცოცხლე ძალიან მიყვარს და თავისუფლება მწყურია. გემუდარებით, დამეხმარეთ, რომ გავხდე შეწყალების ღირსი. ყოველდღე ბავშვივით ვოცნებობ იმ დღეზე, როცა სახლში დავბრუნდები და მათ მოვეფერები. აქ ყოფნის პერიოდში მე და ჩემმა ოჯახმა ყველაზე მთავარი — მოთმინება, სიყვარული და სინანული ვისწავლეთ. მომეცით ერთი შანსი, რომ მათ დავუბრუნდე. გულით გთხოვთ, რომ მაპატიოთ.

© Denis Aslanov თეა სირაძე: "საშინელი ტკივილია, როდესაც სახლში დარეკავ და შვილი გეკითხება დედა როდის მოხვალო, შენ კი ამ დროს პასუხი არ გაქვს"
 თეა სირაძე: საშინელი ტკივილია, როდესაც სახლში დარეკავ  და შვილი გეკითხება დედა როდის მოხვალო, შენ კი ამ დროს პასუხი არ გაქვს - Sputnik საქართველო
თეა სირაძე: "საშინელი ტკივილია, როდესაც სახლში დარეკავ და შვილი გეკითხება დედა როდის მოხვალო, შენ კი ამ დროს პასუხი არ გაქვს"

სიყვარული, სახელად „პაწკუ“…

ქალი და სიყვარული? აღტაცება და თავგანწირვა, სინანული და ცრემლები, წამები საუკუნესავით გაწელილი, სანამ მის ჩურჩულს გაიგონებ. სანამ სულის ბნელ ლაბირინთებშიც კი სითბოს იგრძნობ და სასიამოვნოდ აგიფართხალდება გული, რომელიც გასკდომას ლამობს. ამ  გრძნობის განცდა აქ განსაკუთრებით გამძაფრებულია.

თეა სირაძე: როცა დამიჭირეს, პირველი შიში მეუღლის დაკარგვის შიში იყო. ქვეცნობიერად ყველა ამაზე ფიქრობს და ყველა ქალს ამის ეშინია. არ იცი როგორ აღიქვამს, გაგიგებს, გაპატიებს თუ ზურგს გაქცევს. აქ მყოფებიდან ბევრს ოჯახი დაენგრა… მახსოვს, პირველად პაემანზე როცა მოვიდა, მთელი საათი თავდახრილი ვიჯექი მის წინ და თვალებს მაღლა ვერ ვწევდი. თვითონაც მიყურებდა, მერე კი მითხრა „პაწკუ, თავი აწიე, თვალებში შემომხედე და იცოდე რომ მიყვარხარ“. და მე იმ წუთს ყველაზე ბედნიერი ვიყავი, ერთბაშად ვიგრძენი სიხარული და სიძლიერე. როდესაც მას ვუყურებ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს პირველად შევხვდი, პატარა ბავშვივით მიცემს გული, ყველაფერს დავთმობ მისთვის და მის გამო. მან მე ბევრი რამ მასწავლა, უთქმელად ვხვდებით რა გვინდა.

8 მარტი - Sputnik საქართველო
სიყვარულით გაჯერებული მარტოობის კუნძული

– როგორია შენი დილა?

— ჩემი დღის განრიგი ამ რეალობაში საკმაოდ დატვირთულია. ვარჯიში, ბიბლიოთეკა, ჭორაობა, რომელიც აქაც გვიყვარს, ზოგჯერ ვცეკვავთ და ვიხალისებთ უფერულ ყოველდღიურობას. აქ ყველა ცდილობს საკუთარ თავს გაექცეს და რაღაცით დაკავდეს. მთავარია ამ ცივმა კედლებმა არ შეგაშინოს და არ დაგაჩოქოს. აქ ყველაზე ნაკლებად ფიქრობ დროზე, იმიტომ რომ ის ყველაზე ნელა გადის.

– ტკივილის შეგრძნება, რომელიც არ გასვენებს?

— საშინელი ტკივილია, როდესაც სახლში დარეკავ და შვილი გეკითხება, დედა როდის მოხვალო, შენ კი ამ დროს პასუხი არ გაქვს. ამ დროს თავიდან ბოლომდე ვინგრევი შინაგანად და ვგრძნობ, როგორ უსუსური ვარ. გული მტკივა, როდესაც ჩემ ოჯახში რაიმე პრობლემაა და მე ვერ ვეხმარები, მაშინ მინდა ყველას და ყველაფერს გავექცე. ვიცი, რომ აქ არ მთავრდება და არც აქ იწყება ცხოვრება. არ მეშინია იმის, რაც „გარეთ“ დამხვდება. საკუთარ თავზე ვერ ვიტყვი, რომ კრიმინალი ვარ, ზოგი ირგებს ამ სტატუსს, მე კი პირიქით, სულს მიხუთავს აქაურობა. აქ საკუთარი თავის შეცნობის დიდი დრო გაქვს, იგი ყველაზე უღალატო მეგობარი ხდება შენი…

© Sputnik/ Denis Aslanovთეა სირაძე: "არ იცი როგორ აღიქვამს, გაგიგებს, გაპატიებს თუ ზურგს გაქცევს"...
თეა სირაძე: არ იცი როგორ აღიქვამს, გაგიგებს, გაპატიებს თუ ზურგს გაქცევს... - Sputnik საქართველო
თეა სირაძე: "არ იცი როგორ აღიქვამს, გაგიგებს, გაპატიებს თუ ზურგს გაქცევს"...

ბედნიერი პარასკევი…

დღევანდელი დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა. ამ დღის დადგომას თითებზე ითვლიდა… დღეს მეუღლეს გრძელვადიან პაემანზე ელოდება. ბედნიერია უკიდეგანოდ და ამ განცდას არც მალავს… უყვარს უზომოდ, ელოდება სულის ტკივილამდე, ეფიქრება თავზე მეტად. თუმცა, ცდილობს სხვების თანდასწრებით ემოცია არ შეიმჩნიოს. ბედნისწერამ ხომ სწორედ მას არგუნა ეს ბედნიერება — სიყვარულის დღეს საყვარელ ადამიანთან შეხვედრა… თეას დილა მისი ხმის გაგონებით იწყება — „ჩემო საყვარელო, როგორ ხარ, რამე ხომ არ გჭირდება“… როცა ეს ხმა ესმის, გოგოსავით კეკლუცი ხდება. „კარგია გრძელვადიანი პაემნები რომ დაუშვეს, ბევრ ქალს ქმარმა ან მეგობარმა უკვე ზურგი აქცია…“

დილაუთენია გაიღვიძა. საკანი სულს უხუთავს. ცდილობს არ შეიმჩნიოს ბედნიერების მეცხრე ცაზე ყოფნა… იცის დღეს ყველაზე განსაკუთრებული რომ უნდა იყოს. დღეს პირველად ისურვა, რომ დრო სამუდამოდ გაჩერდეს და გაიყინოს. დღეს მთელ სამყაროს მისი სიყვარულისფერი თვალები ექნება, ჰაერი ბოლომდე შეისრუტავს ერთურთის სიტყვას „მიყვარხარ!“ დღეს მათი სიყვარულის თანაზიარი მხოლოდ ცივი კედლები იქნება, რომელიც უტყვი გუშაგივით ხვალვე რეალობას ახდის ფარდას. რეალობა კი სასტიკია… რომელმაც სიყვარულიც კი ოთხ კედელში გამოამწყვდია.

ყველა ახალი ამბავი
0