თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. საქართველოში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნა ტურისტებს შორის ქვეყნის პოპულარიზაციისა და ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, განაცხადა საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლაშა მოისწრაფიშვილმა.
თბილისში აბრეშუმის გზის ქვეყნების მე-18 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა Caucasus Tourism Fair CTF 2016 მიმდინარეობს, რომელზეც საქართველომ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეების სტენდები წარმოადგინა.
„მსგავსი გამოფენები სწორედ ის ინსტრუმენტია, რომლის საშუალებით ამა თუ იმ რეგიონის პოპულარიზაცია ხდება. მაგალითად, ხონის რაიონში არის სოფელი გორდი. იქ არ იყო რაიმე პოპულარული ადგილები. ჩვენ მოვაწესრიგეთ კინჩხისა და ოკაცეს კანიონები – წესრიგში მოვიყვანეთ ინფრასტრუქტურა, რაკლამა გავუკეთეთ და ამის შემდეგ ტურისტებისათვის მიმზიდველი გახდა ის ადგილი“, — თქვა მოისწრაფიშვილმა ღონისძიებაზე.
რაიონში ახალი სასტუმროები, მაღაზიები, რესტორნები გაჩნდა. მოისწრაფიშვილის სიტყვებით, 2015 წელს ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავალმა ოთხი თვის მანძილზე დაახლოებით 400 ათასი ლარი შეადგინა. „ოკაცეში მოთხოვნა მიწის ნაკვეთებზეც გაიზარდა. თუ ადრე აქ მიწის ერთი კვადრატული მეტრი ხუთ თეთრად იყიდებოდა, ახლა მისი ფასი 30 დოლარიდან იწყება“, — აღნიშნა მოისწრაფიშვილმა.
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავჯდომარემ თუშეთის რეგიონის მაგალითიც მოიყვანა, რომელიც ადრე ჩაკეტილი ხეობა იყო, ახლა კი იქ ეროვნული პარკი ფუნქციონირებს, სასტუმროები და საჭირო ინფრასტრუქტურა არსებობს.
„საქართველოში რაჭაში და ერუშეთში (საქართველოს სამხრეთით) ახალი დაცული ტერიტორიები შეიქმნება. 2016 წელს ჩვენ განვსაზღვრავთ, ამ ადგილებში რომელი ტერიტორიებია მნიშვნელოვანი, გარკვეულ ჩანახატს გავაკეთებთ. ჩვენ არა მარტო ეროვნულ პარკს შევქმნით, არამედ ბუნების მცირე ძეგლებსაც. თქვენ იცით, რომ რაჭაში ძალიან ბევრი გამოქვაბულია, და ეს ადგილები ბევრ ტურისტებს მოიზიდავს“, — დასძინა მან.
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი ტურისტული ადგილების გამოსავლენად და საჭირო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად სამუშაოების გაგრძელებას აპირებს. საქართველოში 13 სახელმწიფო ნაკრძალი, 10 ეროვნული პარკი, 41 ბუნებრივი ძეგლი და 2 დაცული ლანდშაფტია. პირველი დაცული ტერიტორია, ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი საქართველოში 1912 წელს შეიქმნა. ამჟამად დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი საქართველოში 520 811 ჰექტარს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 8,6%-ია. დაცული ტერიტორიების დაახლოებით 75% ტყით არის დაფარული.