თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა სამველ პეტროსიანმა საქართველოს ხელისუფლებას სომეხთა გენოციდის აღიარების მოწოდებით მიმართა.
XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ოსმალეთის იმპერიაში სომხებს რეგულარულად დევნიდნენ და ავიწროებდნენ. 1915 წელს 1,5 მილიონზე მეტი სომეხი გაანადგურეს. თურქეთის იმპერიის მიერ სომეხი ხალხის გენოციდი ბევრმა სახელმწიფომ აღიარა, მათ შორის ევროპარლამენტმა და ეკლესიათა მსოფლიო საბჭომ.
„დარწმუნებული ვარ, სომეხთა გენოციდი თავის დროზე რომ დაგმობილიყო, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ასეთი ტრაგედიები არ იქნებოდა. მინდა ყველას მოვუწოდო, აღიარონ და დაგმონ ეს გენოციდი და ამით ისტორიული სამართლიანობა აღადგინონ“, — განაცხადა პეტროსიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ საპასუხოდ ყარაბაღის კონფლიქტი გაიხსენა და დეპუტატებს მოუწოდა, პროვოკაციას არ წამოეგონ.
„სულ ახლახან იყო მცდელობა, რომ კავკასიაში კვლავ გაცოცხლებულიყო ძალიან დიდი, ღრმა და მიძინებული კონფლიქტი. საბედნიეროდ, საერთაშორისო ძალისხმევით ამ ეტაპზე ამ კონფლიქტის სერიოზულ გაღვივებას პირი არ უჩანს, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ირგვლივ არიან ძალები, რომლებიც დაინტერესებული არიან, რომ კავკასიაში მუდმივად იყოს გაჩაღებული ომი და ჩართული იყოს სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანა",- განაცხადა კვაჭანტირაძემ.
საქართველომ კეთილმეზობლური ურთიერთობები უნდა შეინარჩუნოს როგორც სომხეთთან, ისე აზერბაიჯანთან, ასევე საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებთან და აზერბაიჯანელებთან. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნეიტრალური პოზიცია ეკავოს, მიიჩნევს ექსპერტი ნიკა ჩიტაძე.
„გენოციდის აღიარების საკითხი დღის წესრიგში არ უნდა დადგეს, რადგან ამან, შესაძლოა, აზერბაიჯანისა და თურქეთის გაღიზიანება გამოიწვიოს, რომლებიც საქართველოს პარტნიორები არიან. გარდა ამისა, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ქვეყნის მოსახლეობის 5% ეთნიკური აზერბაიჯანელია, ხოლო 10% — ისლამის მიმდევარი“, — განუცხადა ექსპერტმა Sputnik-ს.
თურქეთი, ტრადიციულად, უარყოფს სომეხთა გენოციდის ბრალდებას და დასავლეთის კრიტიკაზე ამ საკითხთან დაკავშირებით ძალზე მტკივნეულად რეაგირებს.
პირველად სომეხთა გენოციდი 1965 წელს ურუგვაიმ აღიარა. მის მაგალითს მიჰყვნენ საფრანგეთი, იტალია, გერმანია, ჰოლანდია, ბელგია, პოლონეთი, ლიტვა, სლოვაკეთი, შვედეთი, შვეიცარია, საბერძნეთი, კვიპროსი, ლიბანი, კანადა, ვენესუელა, არგენტინა, ბრაზილია, ჩილე, ვატიკანი, ბოლივია, ჩეხეთი, ავსტრია, ლუქსემბურგი.
აშშ-ის 50 შტატიდან გენოციდი ოფიციალურად 44-მა შტატმა აღიარა.
რუსეთის სახელმწიფო დუმამ 1995 წელს მიიღო დადგენილება სომეხი ხალხის გენოციდის დაგმობის შესახებ.