საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანს კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებისკენ მოუწოდებს

© facebook.com/Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საჭიროა მთიან ყარაბაღში კონფლიქტისა და დაძაბულობის ნეიტრალიზება და დიპლომატიური წყაროებისა და საშუალებების მაქსიმალურად გამოყენება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სომხეთსა და აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოუწოდა.

სომხეთმა და აზერბაიჯანმა 2 აპრილს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების გამწვავების შესახებ განაცხადეს: კერძოდ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან სროლების შესახებ განაცხადა, ხოლო სომხეთის სამხედრო უწყებამ — აზერბაიჯანის მხრიდან „შემტევი მოქმედებების“ შესახებ.

„მინდა ხაზგასმით მოვუწოდო კავკასიის რეგიონის კონტექსტში ჩვენს მეზობლებს, რაც შეიძლება მეტი ძალისხმევა მოახმარონ იმას, რომ მშვიდობიანად დასრულდეს დაძაბულობა”, — განაცხადა მარგველაშვილმა საქართველო-ნატოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

საომარი მოქმედებები საქართველოდან სულ რამდენიმე ასეულ კილომეტრში მიმდინარეობს, აღნიშნა პრეზიდენტმა.

„(აუცილებელია) მაქსიმალურად დიპლომატიური წყაროებით და ხერხებით, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართვით მოხერხდეს დაძაბულობის და კონფლიქტის ნეიტრალიზება“, — აღნიშნა მარგველაშვილმა.

მანამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურმა ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა, რომ, მთიან ყარაბაღში დაპირისპირების შეწყვეტისთვის საქართველომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მედიატორის როლი უნდა აიღოს.

კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ–დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1991 წლის სექტემბერში სტეფანაკერტში მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა. საბოლოოდ აზერბაიჯანმა დაკარგა ყარაბაღზე კონტროლი.

1992 წლიდან ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აზერბაიჯანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მოითხოვს, ხოლო სომხეთი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, ვინაიდან ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0