თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. 2016 წელს საქართველოში დემოკრატიის და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დონე შარშანდელთან შედარებით გაუმჯობესდა, ნათქვამია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის Freedom House-ის ანგარიშში „ქვეყნები გარდამავალი პერიოდით 2016“ (Nations in transit 2016).
დემოკრატიის მაჩვენებელი 4,64-დან 4,61-მდე გაუმჯობესდა, ხოლო საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ინდექსი 5,00-დან 4,75-მდე აიწია. რაც შეეხება კორუფციის (4,50), მასმედიის დამოუკიდებლობის (4,00), სამოქალაქო საზოგადოების (3,75), ელექტორალური პროცესის (4,50), ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობის (5,25) და ეროვნული დემოკრატიული მმართველობის (5,50) მაჩვენებლებს, მათი მნიშვნელობები მიმდინარე წელს არ შეცვლილა.
ამავე დროს, საქართველოში მასმედიის დამოუკიდებლობის სფეროში რეგრესი შეიმჩნევა — საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ზე, რომლის აქტივები 2015 წელს სასამართლომ დააყადაღა.
გარდა ამისა, დადებითი ტენდენცია შეინიშნება პოლიტიკური პლიურალიზმისა და „ნაცმოძრაობის“ ყოფილ ჩინოვნიკებზე ზეწოლის შემცირების სფეროში, ხოლო სასამართლო სისტემამ თავისი მდგრადობა შეინარჩუნა.
თუმცა, მიუხედავად ამისა, 2015 წელს სასამართლომ თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა, ხოლო თავდაცვის ყოფილი ექს-მინისტრი დავით კეზერაშვილი დაუსწრებლად გამართლდა.
Freedom House —ის ანგარიშში ბიძინა ივანიშვილზეც არის საუბარი, რომელიც გადადგომის მიუხედავად მმართველი კოალიციის „ქართული ოცნების“ საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას იღებს.
ანგარიშში ე.წ. „სამართლიანობის აღდგენის“ თაობაზე არის ნათქვამი, რომლის შესახებ 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აცხადებდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რაც, არასამთავრობო ორგანიზაციის აზრით, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ჩინოვნიკების წინააღმდეგ არის მიმართული.
უყურადღებოდ არ დარჩენილა საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და მმართველი კოალიციის დაპირისპირებაც, მიუხედავად იმისა, რომ მისი კანდიდატურა „ქართულმა ოცნებამ“ წამოაყენა. დაპირისპირების მიზეზია პრეზიდენტის ვეტო, რომელიც მან 2015 წელს საქართველოს ეროვნული ბანკიდან საფინასო ზედამხედველობის სააგენტოს გამოყოფის შესახებ კანონს დაადო.
მოცემულ ანგარიშში რეიტინგი სკალით შვიდიდან ერთამდეა შედგენილი, სადაც შვიდი — უარესი მაჩვენებელია, ხოლო ერთი — საუკეთესოა. ყველა აზრი, რომელიც მოცემულ გამოკვლევაშია მოყვანილი, Freedom House-ის მასალის ავტორს ეკუთვნის.