თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი მყარი და გრძელვადიანი განვითარებაა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დუბაიში ყოველწლიურ ფორუმზე (Annual Investment Meeting, AIM 2016), აღნიშნულია მთავრობის მეთაურის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
კვირიკაშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება.
„საქართველო არის ხანგრძლივი ისტორიის მქონე ქვეყანა, რომელიც დღეს კონცენტრირებულია თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობაზე, სადაც უზრუნველყოფილია ეფექტიანი დემოკრატიული ინსტიტუტები და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა“, — განაცხადა კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას. შესაბამისი ვიდეო გამოქვეყნებულია უწყების ვებგვერდზე.
პრემიერმა ისაუბრა ქვეყანაში გატარებულ რეფორმებზე და ყურადღება გაამახვილა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალზე.
„ჩვენ ვართ პატარა, მაგრამ სტრატეგიულად განლაგებული ქვეყანა უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალით; ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, რომლის მთავრობის მთავარი პრიორიტეტია მდგრადი გრძელვადიანი განვითარება და ინკლუზიური ზრდა“, — აღნიშნა კვირიკაშვილმა.
ყოველწლიური საინვესტიციო ფორუმი დუბაიში 11-13 აპრილს იმართება.