თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით ქვეყნის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ხელისუფლებაში არ დარჩება.
„ამ ხელმძღვანელობას არ ძალუძს რაიმეს გაკეთება, იმიტომ, რომ არაკომპეტენტური, გაუბედავი, უუნაროა. იმედი მაქვს, რომ ეს ხელისუფლება არჩევნებით შეიცვლება და იმედი მაქვს, ადამიანები გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ განსხვავებით იმ გადაწყვეტილებებისგან, რომელსაც ადრე იღებდნენ“, — განაცხადა ბურჯანაძემ ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში.
ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ „ასეთი მძიმე სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და კრიმინალური მდგომარეობა ქვეყანაში დიდი ხანია არ ყოფილა“ და ამის მიზეზი „ამჟამინდელი ხელისუფლების აბსოლუტური უუნარობაა“. მან საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, მივიდნენ შემოდგომაზე არჩევნებზე და მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა არ მისცენ.
„თუ ადამიანები არჩევნებზე არ გამოცხადდებიან, მაშინ მართლა არაფერი შეიცვლება. თუ მივლენ, მაგრამ არაგონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც არაფერი შეიცვლება. თუ მშიერი ადამიანი კვლავ „ქართულ ოცნებას“ მისცემს ხმას და ახალ დაპირებებს დაიჯერებს, კვლავ მოტყუებული დარჩება“, — განაცხადა მან.
ბურჯანაძემ ასევე გააკეთა კომენტარი „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივან ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის შესახებ. „ქვეყანაში არ არსებობს გამოძიება. როცა ოპოზიციის ლიდერზე დღისით ხდება თავდასხმა და გამოძიებას მეოთხე დღეა ასეთ რეზონანსულ საქმეზე პასუხი არა აქვს, ეს ნიშნავს, რომ საგამოძიებო ორგანოები, პოლიცია, შსს არასრულფასოვნად მუშაობენ და ეს ძალზე საგანგაშოა“, — განაცხადა ბურჯანაძემ. ამასთან, მისი თქმით, ხელისუფლების პოლიტიკურ შეკვეთაში დადანაშაულება „არასწორი იქნებოდა“.
ყოფილ სახელმწიფო მინისტრს, ამჟამად „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივანს თავს 26 თებერვალს საბურთალოს სასაფლაოზე დაესხნენ. პეტრიაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებითა და თავისა და ზურგის არეში ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.