თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. უხარისხო ბენზინთან ბრძოლა საქართველოში საჯარიმო სანქციებით გადაწყვიტეს — გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო შემოწმებას მაისიდან შეუდგება, განაცხადა საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ივანე მთვრალაშვილმა Sputnik-თან საუბარში.
შესწორებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში პარლამენტში მარტში მიიღეს. მისი მიზანია ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცირება.
„თუ სამინისტრო საკონტროლო შემოწმებების დროს აღმოაჩენს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზებადი პროდუქტი მთავრობის დადგენილების ნორმებს არ შეესაბამება, მეწარმეს 8 ათასი ლარით დააჯარიმებენ“, — განაცხადა მთვრალაშვილმა.
ჯარიმები უხარისხო ბენზინზე საქართველოში პირველად წესდება, განმარტა მან.
სანქციები ძალზე მნიშვნელოვანია, რადგანაც უხარისხო პროდუქტი ჰაერის დაბინძურებას იწვევს და ადამიანის, განსაკუთრებით ბავშვების ჯანმრთელობას სერიოზულად ვნებს, აღნიშნა მთვრალაშვილმა.
„შესაბამისად, ეს ძალზე მნიშვნელოვანი თემაა, რომელიც მთლიანობაში, საზოგადოებას აინტერესებს. აქედან გამომდინარე, ყველა მეწარმე ვალდებულია, დაიცვას მთავრობის დადგენილება საწვავის ხარისხის ნორმების შესახებ და თუ მას არ შეუძლია ან არ უნდა დადგენილი ნორმების უზრუნველყოფა, მას დააჯარიმებენ“, — აღნიშნა მან.
გარდა ამისა, უხარისხო პროდუქტი უარყოფითად აისახება ჯანსაღ კონკურენტულ გარემოზე, რადგანაც ის ხარისხიან პროდუქტზე შედარებით იაფია.
მთვრალაშვილი მიიჩნევს, რომ ჯარიმის ოდენობა სრულებით მისაღები და ჰუმანურია.
შესწორებების თანახმად, უხარისხო ბენზინის ან დიზელის საწვავის იმპორტი საქართველოში ისჯება 10 თასი ლარის ოდენობის ჯარიმით, წარმოება — 9 ათასი ლარით, ხოლო რეალიზება — 8 ათასი ლარით.