თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. დაბინძურებული ჰაერი სხვადასხვა დაავადებებს იწვევს, მათ შორის, ავთვისებიან სიმსივნეებს, განუცხადა Sputnik–ს ენდოკრინოლოგმა მაკა კვირიკაშვილმა.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თბილისისა და ქვეყნის სხვა მსხვილი ქალაქების 70 წერტილში ჰაერის სისუფთავე შეამოწმა. გაირკვა, რომ ყველაზე მეტად დაბინძურებულია ის ადგილები, სადაც ავტოტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობაა.
„ყველაფერი ის, რაც ადამიანის ორგანიზმში რესპირატორული გზით ხვდება, ყველა ორგანოს გადაეცემა. თუ ამას ენდოკრინოლოგიის თვალსაზრისით განვიხილავთ, ვნახავთ, რომ დაბინძურებული ფონი იმუნურ სისტემაზე ახდენს გავლენას, რის შედეგადაც აუტოიმუნური დაავადებები ვითარდება და მწვავდება“, — განმარტა კვირიკაშვილმა.
ექიმის თქმით, დაბინძურებული ჰაერი უარყოფითად მოქმედებს მეტაბოლიზმის პროცესზე, ვინაიდან ორგანიზმში ამ დროს ნაკლები რაოდენობის ჟანგბადი შედის და ეს, თავის მხრივ, უჯრედებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედებს.
„ნებისმიერ პათოლოგიური პროცესი, რომელიც ორგანიზმში „თვლემს“, გააქტიურდება, თუ ადამიანის იმუნიტეტში ცვლილებები მოხდება“, — ხაზი გაუსვა კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, იმ ადამიანებმა, რომლებიც ავტოტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობის ზონებში ცხოვრობენ, აუცილებლად უნდა მოიწესრიგონ კვების რეჟიმი, აქტიურად იცხოვრონ და დღეში ორი–სამი ლიტრი წყალი დალიონ, საკუთარი წონის მიხედვით.
„სითხე აუცილებლად წყლის სახით უნდა მივიღოთ და არა მხოლოდ ყავისა და ჩაის სახით. წყალი დღის პირველ ნახევარში უნდა დავლიოთ, ძირითადად, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე და ჭამიდან ერთი საათის შემდეგ“, — გვირჩევს ენდოკრინოლოგი და აღნიშნავს, რომ ადამიანები ამ გზით საკუთარ ორგანიზმს დაეხმარებიან.