თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. შვედეთის ქალაქ მალმეში უცნობმა პირებმა კერძო მუსლიმური სკოლა გადაწვეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ Svt.se-ზე დაყრდნობით.
ხანძარი შაბათს, დაახლოებით 23:00 საათზე დაიწყო. სწორედ ამ დროს, იქვე ახლოს პატრულირებაზე მყოფმა პოლიციელებმა უცბად „ხმამაღალი დარტყმის ან აფეთქების ხმა“ გაიგეს.
პოლიციის თანამშრომლები გახდნენ იმის მოწმე, თუ როგორ ტოვებდა შემთხვევის ადგილს ავტომობილი, რომელშიც ეჭვმიტანილები ისხდნენ. მათ დაედევნენ, მაგრამ უშედეგოდ, არავინ დაუკავებიათ.
„ჯერ კიდევ ვეძებთ ავტომობილს, რომელმაც შემთხვევის ადგილი დატოვა“, — განაცხადა მალმეს პოლიციის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.
პოლიციის ინფორმაციით, რაღაც მომენტში ავტომობილმა სვლა შეანელა და ერთ-ერთმა პოლიციელმა მანქანასთან ფეხით მისვლა გადაწყვიტა. ამ დროს ეჭვმიტანილმა ის კინაღამ მანქანით გაიტანა და ადგილიდან დაიძრა. ამის შემდეგ დევნა გაგრძელდა.
მალმეს საავარიო სამსახურების მონაცემებით, ხანძარი ძალიან ძლიერია. „იქ იყო რაღაც დარტყმა ან აფეთქება. სხვა ინფორმაცია ცეცხლის გაჩენის თაობაზე ჯერჯერობით არ მაქვს. ეს მუსლიმური სკოლაა და შენობის ნაწილის გადარჩენას ვცდილობთ, მაგრამ ეს არცთუ ისე ადვილია“, — განაცხადა პოლ ბიურეხაგმა სამაშველო სამსახურიდან.
ეჭვმიტანილების მიმართ სისხლის სამართლის საქმე ხანძრის გაჩენისა და მკვლელობის მიზნით თავდასხმაში ბრალდებით აღიძვრება. დილის რვა საათისთვის ხანძარი ჯერ კიდევ არ იყო ჩამქრალი.
მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ მედიასაშუალებები ინფორმაციას არ ავრცელებენ.