თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. შვედეთის მიგრაციის საკითხების ეროვნულმა სააგენტომ, ხანძრის გაჩენის მოხშირებული შემთხვევების გამო, ოთხშაბათს ლტოლვილების ახალი თავშესაფრების ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემების გასაიდუმლოების გადაწყვეტილება მიიღო, იუწყება პორტალი The Local.
პორტალის ინფორმაციით, ოთხშაბათს შვედეთის სამხრეთ–აღმოსავლეთით, ქალაქ დანდერიუდში მეხანძრეები და სამაშველო ბრიგადები გამოცხადდნენ. ამის მიზეზი მას შემდეგ გაჩენილი ხანძარი იყო, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სკოლამდელი დაწესებულების ყოფილი შენობა დაახლოებით 70 ლტოლვილის თავშესაფარი გახდება. შენობაში მყოფთაგან არავინ დაშავებულა. ხანძარი ჩააქრეს.
ეს, ზაფხულიდან მოყოლებული, ათზე მეტი მსგავსი შემთხვევიდან ერთ–ერთია. ამასთან დაკავშირებით ლტოლვილთა ცენტრებთან პოლიციის მობილიზება გახდა საჭირო, აღნიშნავს პორტალი.
„თავშესაფრების მისამართების სრულ სიაზე ხელმისაწვდომობა არ უნდა იყოს“, – ციტირებს პორტალი უწყების წარმომადგენლის მიკაელ რიბენვიკის (Mikael Ribbenvik) სიტყვებს.
შვედეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლები ხანძართან ულტრამემარჯვენე აქტივისტების შესაძლო მონაწილეობას ადგენენ.
წელს შვედეთი თავშესაფრის მინიჭებაზე 190 ათას შუამდგომლობას ელოდება, მათ შორის 29–იდან 40 ათასამდე ბავშვია, აღნიშნავს პორტალი. შვედეთის ხელისუფლებამ 2015 წლის გასულ თვეებში თითქმის 100 ათასი ლტოლვილი მიიღო.