თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. მდინარე აჭარისწყალზე ჰიდროელექტროსადგურ შუახევიჰესის მშენებლობა მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება. ეს საქართველოს ენერგოსისტემაში ყველაზე მსხვილი საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტია.
ქვეყნის უმსხვილესმა ინვესტორმა „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ (AGL) მთავრობასა და საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებს (EBRD, ADB, IFC) ანგარიში წარუდგინა, იუწყება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო.
„შუახევიჰესის“ დადგენილი სიმძლავრე 187 კვტ/სთ იქნება, ხოლო ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება — 450 კვტ/სთ. პროექტი ორი კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის ჯამური ღირებულება 416 მლნ აშშ დოლარია.
„შუახევიჰესის სამშენებლო სამუშაოების 75 პროცენტი დასრულებულია, მიმდინარე წლის შემოდგომაზე კი პროექტი მთლიანად სრულდება და გაზაფხულიდან ჰესი ოპერირებას დაიწყებს, რის შემდგომაც საქართველოს ელექტროსისტემას 187 მეგავატი სუფთა ენერგიის მწარმოებელი სადგური შეემატება, რაც თვის წვლილს შეიტანს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ სვლის პროცესში“, — აღნიშნულია ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში.
მშენებლობას ინდურ Tata Power-სა და ნორვეგიულ Clean Energy Invest-ის მიერ დაფუძნებული ერთობლივი საწარმო „აჭარისწყალი ჯორჯია“ ახორციელებს. მშენებლობაზე დასაქმებულია საქართველოს 730 მოქალაქე.
პროექტის დასრულების შემდგომ კომპანია ყოველწლიურად მილიონობით ლარს შეიტანს ადგილობრივ ბიუჯეტში, რაც პირდაპირ აისახება და გააუმჯობესებს აჭარის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფას.
შუახევიჰესის მშენებლობა საქართველოს ენერგეტიკის განვითარებაში უზარმაზარი ნაბიჯია, განაცხადა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.
„ჩვენი მიზანია, მოხდეს ენერგო რესურსების რაციონალური ათვისება, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და წამყვან კოპმანიებთან თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესი საწინდარია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის, რომელიც ენერგეტიკის სექტორის განვითარებასთან მჭიდრო კავშირშია“, — განაცხადა კალაძემ.