თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. რაჭა–ლეჩხუმი – ქვემო სვანეთის რეგიონში მდინარე ხელედულაზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის, ტექნიკურ–ეკონომიკური კვლევის, ფლობისა და მართვის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა და ენერგეტიკული ჯგუფის Anadolu Tasit Ticaret A.S.–ის კოორდინატორმა, განაცხადეს საქართველოს ენერგეტიკის უწყებაში.
„ხელედულა–3 ჰესის“ დადგენილი სიმძლავრე 51,43 მეგავატს შეადგენს, ელექტრო ენერგიის წლიური გამომუშავება – 232,8 მილიონ კილოვატს. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 80 მილიონი დოლარია.
მემორანდუმის თანახმად, კომპანია Anadolu–მ 18 თვის განმავლობაში მდინარე ხელედულაზე უნდა ჩაატაროს სრულფასოვანი ტექნიკურ–ეკონომიკური გამოკვლევები, მოამზადოს ანგარიში გარემოზე ზემოქმედების შესახებ და შედეგები საქართველოს მთავრობას წარუდგინოს, რაზე დაყრდნობითაც მთავრობა და კომპანია ერთობლივად მიიღებენ გადაწყვეტილებას პროექტის რეალიზაციის მიზანშეწონილობის თაობაზე.
პროექტის რეალიზაციის შემთხვევაში, 20 წლის განმავლობაში ზამთრის თვეებში ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ენერგიის 20% საქართველოს ენერგოსისტემას მიეწოდება შიდამოხმარებისთვის. წლის დანარჩენ პერიოდში კომპანიას უფლება აქვს საკუთარი სურვილისამებრ განკარგოს გამომუშავებული ენერგია – მათ შორის, გაიტანოს ექსპორტზე.