თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. საქართველოს მწერალთა სახლში 4 აპრილს მიხეილ ბულგაკოვის 125 წლისთავისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა, იუწყება Sputnik-ის კორესპონდენტი.
კონკურსი გამოაცხადეს საქართველოს რუსულენოვანი ლიტერატორების პუშკინის საზოგადოება „არიონმა“ და საქართველოს რუსულენოვანი ჟურნალისტების ასოციაციამ.
ორგანიზაციები სისტემატურად აწყობენ ლიტერატურულ კონკურსებს და მათ გამოჩენილ რუს მწერლებს უძღვნიან, რომელთა ცხოვრება ან შემოქმედება საქართველოს უკავშირდებოდა.
„როდესაც ჩვენი ორგანიზაცია მორიგი კონკურსისთვის კანდიდატურას არჩევს, გათვალისწინებულია არა მხოლოდ „მრგვალი“ თარიღი, არამედ „გეოგრაფიული“ ფაქტორიც. მიხაილ ბულგაკოვი საქართველოსთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული, იმყოფებოდა აქ და საქართველოს რამდენიმე ნაწარმოებიც მიუძღვნა. ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ ამ სახელმა კონკურსანტთა დიდი ინტერესი გამოიწვია“, — განუცხადა Sputnik-ს საქართველოს რუსულენოვან ლიტერატორთა პუშკინის საზოგადოება „არიონისა“ და საქართველოს რუსულენოვანი ჟურნალისტების ასოციაციის თავმჯდომარემ მიხაილ აიდინოვმა.
სულ კონკურსზე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 70-ზე მეტი ნამუშევარი შევიდა. როგორც აიდინოვმა აღნიშნა, ავტორებს შორის იყვნენ სხვადასხვა ასაკისა და ეროვნების, პროფესიისა და ლიტერატურული ოსტატობის დონის ადამიანები.
„მაგრამ ყველა მათგანს რუსული ენის, რუსული ლიტერატურისა და კულტურის სიყვარული აერთიანებს“, — დასძინა აიდინოვმა.
კონკურსზე რამდენიმე ნომინაცია გამოცხადდა. ნომინაციაში „პოეზია“ გაიმარჯვეს იულია კლუჩნიკოვამ, მარინა კირაკოსიან-მოსესოვამ, ვიქტორია თეიმურაზიშვილმა და ლუდმილა პეტრიაშვილმა.
ნომინაციაში „პროზა“ გამარჯვებული არიან მიხაილ ანანოვი, ზორიანა ჩებოტარი, თამარ კონსტანტინოვსკაია და ნატალია სელეზნიოვა, კატეგორიაში „პუბლიცისტიკა — ვერა უვაროვა, ალა ტიტვინიძე და სვეტლანა ცვილევა.
„ახალგაზრდების შემოქმედების“ ლიდერები გახდნენ ვლადისლავ პუგაჩი, ირინა ბოროვკოვა და გვანცა გელაშვილი. ნომინაციაში „რეგიონული ავტორები“ გაიმარჯვა სკოლის მოსწავლემ რუსთავიდან ანა კუზნეცოვამ.
საქართველოს მწერალთა სახლში დაჯილდოების ფარგლებში ასევე გაიმართა ალმანახ На холмах Грузии-ს ბოლო ნომრის პრეზენტაცია, რომელიც ქვეყანაში 2005 წლიდან გამოდის საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესთა სექციის მხარდაჭერით.
საღამო კონცერტით დასრულდა, რომელშიც ალმანახის ავტორებთან ერთად ბარდები, ვოკალისტები და ილუზიონისტები მონაწილეობდნენ.