თბილისი, 29 მარტი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლების ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებზე ისაუბრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკულ ტელეარხ CNN-თვის მიცემულ ინტერვიუში.
ევროკავშირმა და საქართველომ 2014 წელს ხელი მოაწერეს ასოციირების შესახებ შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნა. დოკუმენტი რატიფიცირებულია ევროკავშირის ყველა ქვეყნის, საქართველოს და ევროპარლამენტის მიერ.
„საქართველო — ევროპაა. ევროპა — საქართველოსთვის სახლია. ჩვენთვის ევროპა — ის სივრცეა, სადაც დემოკრატიის გარკვეული სტანდარტები უზრუნველყოფილი და ადამიანების უფლებები დაცულია. და სწორედ ეს არის ქართველი ხალხის მიზანი“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
2015 წლის 18 დეკემბერს ევროკომისიამ საქართველოს ვიზალიბერალიზაციისთვის მზადყოფნის თაობაზე დადებითი დასკვნა გამოაქვეყნა.
მარტის დასაწყისში ევროკავშირი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივითა და იმ ქვეყნების სიაში შეტანის ინიციატივით გამოვიდა, რომელთაც ევროკავშირის ქვეყნებში ჩასასვლელად ვიზები არ სჭირდებათ.
თუ კანონმდებლები აღნიშნულ კანონპროექტს მოიწონებენ, მაშინ საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში 90-დან 180 დღემდე პერიოდში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ. ევროპარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ ახალი რეგულაცია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს ამოქმედდება.
საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ განცხადება, ევროკავშირის პარალელურად, რუსეთმაც გააკეთა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2015 წლის 23 დეკემბერს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის პირობები გაამარტივა. რუსეთის პრეზიდენტმა 2015 წლის 17 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს.