თბილისი, 28 მარტი — Sputnik.ევროპის ყველაზე მსხვილი პოლიტიკური გაერთიანება — ევროპის სახალხო პარტია საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება.
საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობს, რომ საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ გამგზავრებას უკვე ამ ზაფხულს შეძლებენ, ხოლო საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.
„ევროპის სახალხო პარტია საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის მომხრეა. ეს მნიშვნელოვანია ახალგაზრდობისთვის“, — განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ჯოზედდაულმა (JosephDaul) ტელეკომპანია „რუსთავი2“-თან ინტერვიუში.
ბოლო არჩევნების წინ საქართველოში ადგილი ჰქონდა ისეთ მოვლენებს, რომლებიც ევროპის სახალხო პარტიას აშფოთებს, ესენია მედიის თავისუფლების, პოლიტიკური შურისძიების, ოპოზიციის დაშინების პრობლემები, აღნიშნა დაულმა.
ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი ევროპარლამენტში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი გზით ჩატარდება“, — აღნიშნა დაულმა.
მან ასევე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ჩამოსვლას აპირებს, სადაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან რიგ შეხვედრებს გამართავს.
ევროპის სახალხო პარტია (EuropeanPeople'sParty) ყველაზე დიდი ევროპული პოლიტიკური პარტიაა. ის 1976 წელს დაარსდა და ევროკავშირის, ასევე ევროსაბჭოს ყველა პოლიტიკურ ინსტიტუტშია წარმოდგენილი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ევროპის სახალხო პარტიის წევრია.
ევროკომისიამ საქართველოს ვიზალიბერალიზაციისთვის მზადყოფნი სთაობაზე დადებითი დასკვნა 2015 წლის 18 დეკემბერს გამოაქვეყნა.
ევროკომისია მარტის დასაწყისში საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვების გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდა და წინადადება წამოაყენა, რომ საქართველო იმ ქვეყნების ნუსხაში შევიდეს, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის ქვეყნებში ჩასასვლელად ვიზა არ სჭირდებათ.
თუ ევროდეპუტატები ამ კანონპროექტს მოიწონებენ, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში 90 დღის განმავლობაში უვიზოდ შეძლებენ მოგზაურობას.