თბილისი, 28 მარტი – Sputnik. საქართველოში პროფესიული განათლების უფასოდ მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც 10 აპრილამდე გაგრძელდება, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
პროფესიული განათლების მიღება შესაძლებელია ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ტურიზმი, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სხვა.
პროფესიული განათლების მიღება შესაძლებელია მეათე კლასის დამთავრების შემდეგ, ასაკი განსაზღვრული არ არის. ხელმისაწვდომი იქნება საღამოს კურსები.
სასურველი პროგრამის შერჩევა შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge) და პროფესიული განათლების ვებპორტალზე (www.vet.ge).
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საინფორმაციო ცენტრებში, სამინისტროს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებსა და პროფსასწავლებლებში.
რეგისტრაციიდან რამდენიმე დღეში შესაძლებელი იქნება ტესტირების ადგილისა და თარიღის შესახებ ინფორმაციის მიღება.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები რეგისტრაციას გადიან, თუმცა ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით, რაც პროფესიის მოსინჯვის გზით, მათთვის პროფესიის შერჩევას გულისხმობს.
რაც შეეხება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს, ისინი ტესტირებას გაივლიან მშობლიურ ენაზე.
2013-2015 წლებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა და 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსება მიიღო 28 000-ზე მეტმა ადამიანმა. მათგან 425 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი იყო.