თბილისი, 25 მარტი — Sputnik. მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განათლების სისტემის რეფორმაა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
გარდა პროფესიული განათლების სისტემის გაუმჯობესებისა, ქვეყნის მთავრობა საგადასახადო ადმინისტრირებისა და მართვის სიტემების, ასე ინფრასტრუქტურული ბაზის რეფორმაზე მუშაობს. პრემიერმა პროფესიული განათლების სისტემის რეფორმა ხუთშაბათს წარადგინა.
„პროფესიული განათლების ახალი მოდელი ნიშნავს უფრო მეტ კვალიფიცირებულ, კონკურენტუნარიან პროფესიონალს და მეტ დასაქმებულს ქვეყანაში. დარწმუნებული ვართ, რომ ის გეგმა, რომელიც გაგვაჩნია და რომელსაც მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ, ეკონომიკას გააძლიერებს“, — განაცხადა კვირიკაშვილმა პარასკევს გამართულ მთავრობის სხდომაზე. შესაბამისი ვიდეო უწყების ვებ-გვერდზეა განთავსებული.
პრემიერმა განმარტა, რომ რეფორმა პროფესიული სწავლების გერმანულ მოდელს გულისხმობს, რომლის თანახმადაც, სტუდენტი პროფსასწავლებელში სწავლასა და სპეციალობით მუშაობას ერთდროულად შეძლებს.
„განათლების რეფორმის პირველი ბლოკი გახლავთ პროფესიული განათლების სრულიად ახლებური მოდელი, რომელიც დამსაქმებელთან ერთად და სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელზე აგებულ განათლების სისტემას ნიშნავს“, — განაცხადა პრემიერმა.
სწავლის შემდგომ სტუდენტი გადაწყვეტს, გააგრძელოს სამუშაო პრაქტიკა და დასაქმდეს, წამოიწყოს საკუთარი ბიზნესი, თუ გააგრძელოს უმაღლესი განათლება, აღნიშნა კვირიკაშვილმა.