თბილისი, 24 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტუდენტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს პროფესიული განათლების სისტემის რეფორმის პროგრამა გააცნო.
რეფორმა ითვალისწინებს პროფესიული განათლების გერმანული მოდელის შექმნას, რომლის თანახმადაც, სტუდენტი პროფსასწავლებელში სწავლასა და სპეციალობით მუშაობას ერთდროულად შეძლებს.
გარდა ამისა, სახელმწიფომ შექმნა ფონდი, რომელიც მოსწავლეების იდეებსა და ინიციატივებს დააფინანსებს.
„ახალი ეტაპი გულისხმობს სრულიად განსხვავებული სწავლების მოდელს, რომელიც იქნება დამყარებული საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის პირობებში ერთდროულად სწავლასა და მუშაობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწავლის პროცესშივე სტუდენტს ჰქონდეს მომავალ დამსაქმებელთან ურთიერთობის საშუალება”, — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
პრემიერის თქმით, უკვე სწავლის შემდგომ სტუდენტი გადაწყვეტს, გააგრძელოს სამუშაო პრაქტიკა და დასაქმდეს, წამოიწყოს საკუთარი ბიზნესი, თუ გააგრძელოს უმაღლესი განათლება.
საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ კვალიფიციური სამუშაო ძალის არარსებობა არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას აფერხებს. სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრაზეა მიმართული ეს რეფორმა, აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
თბილისის ტექნოლოგიურ პარკში პროფესიული განათლების სისტემის პროგრამის პრეზენტაციას კვირიკაშვილთან ერთად დაესწრნენ განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე და მთავრობის სხვა წევრები.
პროფესიული განათლების რეფორმა რეფორმების პაკეტის ნაწილია, რომელიც პრემიერ-მინისტრმა მიმდინარე წლის თებერვალში წარმოადგინა. პროფესიული განათლების გაუმჯობესების გარდა ქვეყნის მთავრობა საგადასახადო ადმინისტრირებისა და მართვის სისტემების, ინფრასტრუქტურული ბაზის რეფორმაზე მუშაობს.