თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საქართველოს განათლების სისტემას სერიოზული რეფორმა ჩაუტარდება ახალგაზრდობის მოსაზრებების გათვალისწინებით, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
„მოხარული ვარ, რომ სტუდენტებმა არჩიეს პროტესტის მშვიდობიანი ფორმა და არჩიეს მოლაპარაკებების პროცესი… ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება განათლების რეფორმაა, რომელიც უმაღლესი განათლების სისტემაში ძირეულ ცვლილებებს მოიაზრებს. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ჩავრთავთ ამ რეფორმირების პროცესში ახალგაზრდობას და მათ აზრს გავითვალისწინებთ“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ასევე ისაუბრა უნივერსიტეტში თვითმმართველობის სისტემის რეფორმირებაზე.
„ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმგვარ პროგრესულ მოდელს, როცა აღარ იარსებებს საიმისო მიზეზები, რომ სტუდენტები ქუჩაში გამოვიდნენ და სასწავლო პროცესი ჩაიშალოს. მიხარია, რომ სასწავლო პროცესი აღდგა და ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდა“, — დაასკვნა კვირიკაშვილმა.