თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების ფოკასა და განძის მოსახლეობა ბუნებრივ აირს მიიღებს — საქართველოს მთავრობა ამ სოფლების გაზიფიკაციის საკითხს განიხილავს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარასკევს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი 2000 მეტრზე მეტ სიმაღლეზე მდებარეობს. აქ ძალზე რთული კლიმატური პირობებია. ჯავახეთს ზოგჯერ „ქართულ ციმბირს“ უწოდებენ, რადგან ზამთარში აქ ტემპერატურა მინუს 38-40 გრადუსს აღწევს, ხოლო თოვლი, შესაძლოა, ექვსი თვეც იდოს.
„მოხდება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების — ფოკასა და განძის სრული გაზიფიცირება. ეს გულისხმობს 600 ოჯახის ბუნებრივი აირით დაკმაყოფილებას. ამ სოფლებში არის ძალიან მძიმე კლიმატური პირობები და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათი ადგილობრივი მოსახლეობისთვის. დღეს ჩვენ განვიხილავთ მთავრობის ამ ინიციატივისთვის შესაბამისი საბიუჯეტო სახსრების გამოყოფის საკითხს“, — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ქვეყნის 21 მუნიციპალიტეტში 60-ზე მეტი სოფლის გაზიფიკაციაზე 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარია გამოყოფილი. 2014-2015 წლებში გაზიფიკაციის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებისთვის სახელმწიფომ 40 მილიონი ლარი გამოყო.
„ჩემი მთავარი ამოცანაა – დავასრულო გაზიფიკაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით 2017 წლის ბოლომდე“, — განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე.
ამასთან მან დასძინა, რომ საუბარი არაა მაღალმთიან რაიონებსა და სოფლებზე, რადგან იქ გაზიფიკაციის პროცესის რეალიზაცია გაცილებით დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და არ არის მიზანშეწონილი.
საქართველოს გაზიფიკაციას, ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებული გეგმის თანახმად, ახორციელებს კომპანია SOCAR Georgia Gas, რომელიც ამ პროგრამაში 2008 წლიდან მონაწილეობს.
მოსახლეობისთვის ენერგოშემცველების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით სამი წლის მანძილზე საქართველოს მასშტაბით გაზიფიცირებულია 200 ათასი აბონენტი, თქვა კალაძემ. შედარებისთვის კალაძემ აღნიშნა, რომ ყოფილი ხელისუფლების პირობებში აბონენტთა ანალოგიური რაოდენობის გაზიფიცირებას 9 წელი დასჭირდა.
ბუნებრივი აირის ქსელში ახალი აბონენტების ჩართვა 600-დან 400 ლარამდე შემცირდა. ენერგეტიკის სამინისტროსა და გაზგამანაწილებელ კომპანიებს შორის შეთანხმების შესაბამისად, მოქმედებს ეტაპობრივი გადახდის მექანიზმი, მოსახლეობას უკვე შემცირებული ტარიფის გადახდა 16 თვეში შეუძლია — ყოველთვიურად 25 ლარის ოდენობით. მომსახურების ღირებულებაში ბუნებრივი აირით სარგებლობის ერთი წერტილის მოწყობა შედის.
საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარება 2012 წლიდან დღემდე თითქმის 38%-ით გაიზარდა, 2014 წელთან შედარებით კი 19%-ით.