თბილისი, 10 მარტი — Sputnik. „ჩემი მთავარი ამოცანაა – დავასრულო გაზიფიკაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით 2017 წლის ბოლომდე“, — განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე.
საქართველოს გაზიფიკაციას, ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებული გეგმის თანახმად, ახორციელებს კომპანია SOCAR Georgia Gas, რომელიც ამ პროგრამაში 2008 წლიდან მონაწილეობს.
მოსახლეობისთვის ენერგოშემცველების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით სამი წლის მანძილზე საქართველოს მასშტაბით გაზიფიცირებულია 200 ათასი აბონენტი, თქვა კალაძემ. შედარებისთვის კალაძემ აღნიშნა, რომ ყოფილი ხელისუფლების პირობებში აბონენტთა ანალოგიური რაოდენობის გაზიფიცირებას 9 წელი დასჭირდა.
„მე ხშირად ვხვდები მოსახლეობას რეგიონებში და პირველი, რასაც ისინი ითხოვენ, გაზიფიკაციის პროცესის დასრულებაა. არის რაიონები და სოფლები, სადაც გარკვეული ქუჩები გაზიფიცირებულია მხოლოდ ცალ მხარეს, რაც, ბუნებრივია, მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. ჩემი მთავარი ამოცანაა დავასრულო გაზიფიკაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით 2017 წლისთვის“, — განაცხადა კალაძემ.
ამასთან მან დასძინა, რომ საუბარი არაა მაღალმთიან რაიონებსა და სოფლებზე, რადგან იქ გაზიფიკაციის პროცესის რეალიზაცია გაცილებით დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და არ არის მიზანშეწონილი.
ქვეყნის 21 მუნიციპალიტეტში 60-ზე მეტი სოფლის გაზიფიკაციაზე 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარია გამოყოფილი. 2014-2015 წლებში გაზიფიკაციის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებისთვის სახელმწიფომ 40 მილიონი ლარი გამოყო.