თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველოში ჩინური ავიაკომპანია Air China-ს დელეგაცია იმყოფება, რომელიც საქართველოში ფრენების დაწყების შესაძლებლობას განიხილავს, განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ქეთი ალექსიძემ.
ჩინეთის დელეგაცია საქართველოში ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გასაცნობად ჩამოვიდა. ამისთვის მათ შეხვედრები გამართეს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველ კომპანია TAV-Georgia-ს წარმომადგენლებთან.
„სტუმრებმა ჩინეთიდან დაათვალიერეს თბილისი, ინფრასტრუქტურა. ახლა განვიხილავთ ორი ქვეყნის ურთიერთობებს, ყველა იმ ასპექტს, რომლებიც მნიშვნელოვანია, რათა ავიაკომპანიამ ჩვენ ქვეყანაში ფრენების დაწყების გადაწყვეტილება მიიღოს“, — განუცხადა Sputnik-ს ალექსიძემ.
ჩინელი სპეციალისტები საქართველოს შესახებ დეტალურ ანგარიშს მოამზადებენ, რომელსაც ავიაკომპანიის ხელმძღვანელობას წარუდგენენ, რათა მათ ფრენების დაწყების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ.
„Air China-ს წარმომადგენლები საქართველოში 2014 წელს იმყოფებოდნენ, როდესაც აბრეშუმის გზის საავიაციო ფორუმს ვმართავდით. ამის შემდეგ მათთან საკმაოდ ინტენსიურად ვმუშაობთ, ვაწვდით სხვადასხვა ინფორმაციას ჩვენი ქვეყნის შესახებ და, აი, ახლა ისინი კვლავ აქ არიან“, — აღნიშნა ალექსიძემ.
ჩინეთის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს სტუმრობენ, მრავალი წლის განმავლობაში სტაბილურად იზრდება, 2012 წელს მათი რაოდენობა დაახლოებით 10 ათასი იყო, რაც 2005 წელთან შედარებით (747 ადამიანი) 1238%-ით მეტია.
2013 წელს, 2012 წელთან შედარებით, საქართველოს საზღვარი 12%-ით ნაკლებმა, ხოლო 2014 წელს — 14%-ით ნაკლებმა ჩინეთის მოქალაქემ გადმოკვეთა. 2015 წელს საზღვარი დაახლოებით 9,6 ათასმა ჩინელმა გადმოკვეთა, რაც 2014 წელთან შედარებით 11%-ით მეტია.
„საქართველოში ტურიზმის განვითარების სტრატეგია 2025“-ის თანახმად, 2025 წლისთვის საქართველოს 11 მილიონი საერთაშორისო ტურისტი უნდა ეწვიოს და ამ რაოდენობის დიდი წილი ჩინელ ტურისტებზე უნდა მოდიოდეს.