თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ ტურისტების მოზიდვის მიზნით ახალი ვიდეორგოლი Summer in Georgia („ზაფხული საქართველოში“) გადაიღო.
კლიპის პრეზენტაცია, რომელსაც მსოფლიოს 16 ქვეყანაში წარადგენენ, უკვე გაიმართა თბილისში. ვიდეოს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იღებდნენ. მის ავტორებს სურდათ ეჩვენებინათ, რამდენად მრავალფეროვანია ქვეყანა და რამდენი უმშვენიერესი ადგილის მონახულება შეიძლება ერთხელ მოგზაურობისას.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, მას ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს. ვიდეორგოლში შევეცადეთ გვეჩვენებინა ყველა ის რესურსი, რაც ზაფხულის ტურისტული სეზონის პოპულარიზაციისთვის გამოდგებოდა. მასში ყველაფერია ნაჩვენები — ღვინო, სამზარეულო, გასართობი ადგილები, ზღვა, მთები“, — თქვა ტურიზმის ადმინისტრაციის ბრენდის განვითარების სამმართველოს ხელმძღვანელმა ანა კეკელიამ.
კლიპს სხვადასხვა დიდ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგენენ.
„თებერვალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 24%-ით გაიზარდა, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ 2016 წელი ტურისტული თვალსაზრისით ძალიან წარმატებული იქნება. საერთაშორისო აქტივობები და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული კამპანიები ძირითად მიმართულებებად რჩება“, — განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ კლიპის პრეზენტაციაზე.
ახალი ტურისტული სეზონის პოპულარიზაციისთვის აქტიური მარკეტინგული ღონისძიებების დაწყება უკვე აპრილიდან იგეგმება, აღნიშნეს ტურიზმის ადმინისტრაციაში.