თბილისი, 24 მარტი — Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში ტუბერკულიოზით დაავადების შემთხვევების საერთო რაოდენობა ორჯერ შემცირდა, მდგომარეობა ჯერ კიდევ რთულია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრმა გიორგი ხეჩინაშვილმა.
ყოველწლიურად ტუბერკულიოზისგან მსოფლიოში 1,5 მილიონი ადამიანი იღუპება, ხოლო 9 მილიონი — ავადდება. ტუბერკულიოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 24 მარტს აღინიშნება. 2016 წლის ლოზუნგია „ერთად შევებრძოლოთ ტუბერკულიოზს“.
„ბოლო მონაცემებით, საქართველოში ტუბერკულიოზით დაავადებული 3 800 ადამიანზე მეტია დარეგისტრირებული. ეს ბევრია, მაგრამ თუ 1996 წელს შევადარებთ, მაშინ ეს რიცხვი ორჯერ მეტი იყო“, — განუცხადა ხეჩინაშვილმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე.
დეპუტატის ინფორმაციით, საქართველოში ტუბერკულიოზით დაავადებულთა შორის ისეთებიც არიან, რომლებიც აღრიცხვაზე არ იმყოფებიან. ამის მიზეზი დადგენილი სტერეოტიპია, რომ ადამიანს ტუბერკულიოზის დიაგნოზით საზოგადოებაში ნორმალურად ინტეგრირება ან კარიერული წინსვლა არ შეუძლია. გარდა ამისა, საქართველოს მოსახლეობა საკმარისად ინფორმირებული არ არის იმის თაობაზე, თუ როგორ მოიქცეს ტუბერკულიოზით დაავადების შემთხვევაში.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ საქართველოში ტუბერკულიოზი ყველაზე მეტად თბილისშია გავრცელებული.
თუმცა, როგორც მან განაცხადა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ვითარება თავისუფლების აღკვეთის ადგილებში: 2014 წელს ტუბერკულოზით დაავადების სულ 141 შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ, როდესაც 2012 წელს დაავადება 1400-ზე მეტ პატიმარს გამოუვლინდა.
„თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ძალიან კარგი დიაგნოსტიკა და მკურნალობაა, მაგრამ მას შემდეგ, რაც პატიმარი გათავისუფლდება, მან თავს ყურადღება უნდა მიაქციოს, ეს ეხება კვებასაც და მედიკამენტების მიღებასაც“, — აღნიშნა დეპუტატმა.
საქართველო, ისევე, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანა, ტუბერკულიოზის გავრცელებისგან 1990-იან წლებში მნიშვნელოვნად დაზარალდა. იმ პერიოდში ინფექცია მკვეთრად გააქტიურდა, ხოლო პოსტსაბჭოთა სივრცე იმ გამოწვევებზე საპასუხოდ, რომელიც არსებულ რეალობაში გაჩნდა, მზად არ აღმოჩნდა, აღნიშნა ხეჩინაშვილმა.
„არ იყო ჯანდაცვის შესაბამისი სისტემა, იყო უმძიმესი სოციალური ფონი, არასრულფასოვანი კვება და მკურნალობა — ეს ყველაფერი გახდა იმის მიზეზი, რომ საქართველო მაღალი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლით (ტუბერკულიოზის დაავადების მხრივ) ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა გახდა“, — განაცხადა ხეჩინაშვილმა და დაამატა, რომ დღეს საქართველოში ტუბერკულიოზის მკურნალობა უფასოა.
ტუბერკულიოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყველა მთავრობას, ადგილობრივ თანამეგობრობას, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორს გაერთიანებისკენ მოუწოდებს, რათა ტუბერკულიოზის ეპიდემიას ბოლო მოეღოს.