თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საქმიანობა ყველა თანამედროვე სტანდარტს შეესაბამება, — განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა კახა კახიშვილმა სამი წლის მანძილზე გაწეული სამუშაოს ანგარიშის პრეზენტაციაზე.
მინისტრმა დამსწრეებს საპატიმროების ახალი პირობები გააცნო. სამინისტროს მიღწევათა შორის მან რისკების კლასიფიკაციის მიხედვით პატიმართა შესაბამის დაწესებულებებში განაწილება, საკნების ფართის გაზრდა ევროპული სტანდარტების შესაბამისად და ასევე პენიტენციალური ჯანდაცვის ახალი სტანდარტის დადგენა დაასახელა.
უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ახალი სტნდარტების წყალობით, მკვეთრად შემცირდა ტუბერკულოზით დაავადების ახალი შემთხვევები. ჰეპატიტ „ცე"-სმკურნალობის პროგრამის ფარგლებში გამოკვლევა 11 ათასმა მსჯავრდებულმა ჩაიტარა. აქედან 500 პრეპარატ „სოფოსბუვირით“ მკურნალობის პროგრამაში ჩაერთო. დღეისათვის დაავადებულთა 90% სრულად განკურნებულია.
„მსჯავრდებულები სამოქალაქო კლინიკებში გადაგვყავს და პლასტიკურ ოპერაციებსაც კი ვაფინანსებთ, რომელსაც არცერთი სადაზღვევო პროგრამა არ აფინანსებს“, — ხაზგასმით აღნიშნა კახიშვილმა.
ამას გარდა, პენიტენციალურ სისტემაში დაინერგა კვების ახალი სტანდარტი: თუ ადრე პატიმრებს ერთი მენიუ ჰქონდათ, ახლა თორმეტიდან შეუძლიათ არჩევა.
გაიზარდა პაემნების რაოდენობა და გაფართოვდა მნახველთა წრე, ხოლო სახალხო დამცველის აპარატს მიენიჭა პენიტენციურ დაწესებულებაში ფოტოგადაღების უფლება.
დაინერგა არასრულწლოვანთა მიმართ სასჯელის მოხდის ახალი ფორმა — შინაპატიმრობა ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით.
რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მზადდება ბრძანების პროექტი, რომელიც მსჯავრდებულებს საშუალებას მისცემს იმუშაონ პენიტენციური დაწესებულების გარეთ და მიიღონ შესაბამისი ანაზღაურება. მინისტრის თქმით, ამ დროისათვის დასაქმებულია დაახლოებით 380 პირობით მსჯავრდებული პირი.
მინისტრმა კახიშვილმა რეფორმებს უპრეცედენტო უწოდა მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში.
„ჩვენი მთავარი მონაპოვარი, გარდა რევოლუციური ცვლილებებისა, რომელიც სისტემაში განვახორციელეთ, არის ხალხის და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გამოხატული ნდობა და უწყების ახალი იმიჯი, ახალი სახე, რომელიც დღეს ყველა თანამედროვე სტანდარტს და მოთხოვნას პასუხობს“, — დაასკვნა მინისტრმა.
კახიშვილის თქმით, ქვეყანაში შექმნილია ახალი რეალობა, რომელიც პენიტენციალური სისტემის უწყების თითოეული თანამშრომლის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული.