თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ახალი სისტემის თანახმად, მსჯავრდებულები შეძლებენ საპატიმროებს გარეთ მუშაობას, — განაცხადა მინისტრმა კახი კახიშვილმა.
საქართველოში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაწესებულებები დანაშაულის ტიპის მიხედვით დაყოფილია დახურულ (მკაცრი რეჟიმის) და ნახევრად დახურულ საპატიმროებად. მათ, ვინც ნახევრად დახურული ტიპის ციხეში იხდიან სასჯელს, წელიწადში ერთხელ სახლში წასვლის უფლება აქვთ.
„ძალიან მალე დავიწყებთ იმ პატიმრების გაყვანას გარეთ, რომლებსაც მუშაობის სურვილი ექნებათ. დაიდება ინდივიდუალური კონტრაქტები, ისინი დასაქმდებიან და მიიღებენ ღირსეულ ხელფასებს. რატომ უნდა დავიქირავოთ რომელიმე ფირმა რაღაცის გასაკეთებლად, როდესაც გვყავს უამრავი ადამიანი, რომელიც ფლობს პროფესიას და აქვს სურვილი, იმუშაოს“, — განაცხადა კახიშვილმა.
პატიმრები, გარდა კონტრაქტით მუშაობისა, ასევე შეძლებენ საკუთარი ხელით ნეკეთები ნივთების გაყიდვას ელექტრონულ მაღაზიაში, — დაამატა მინისტრმა.
„შეიქმნება ელექტრონული საიტი, სადაც პატიმართა ნამუშევრები განთავსდება და ელექტრონულად გაიყიდება. ეს თანხა ავტომატურად გადაირიცხება მათ ანგარიშზე. ამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სისტემამ ადამიანური სახე შეინარჩუნოს“, — განაცხადა კახიშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ სიახლეების დანერგვის შემდეგ მსჯავრდებულები ოჯახების დახმარებას შეძლებენ.