თბილისი, 23 მარტი — Sputnik. გასულ წელს საქართველოში ოჯახური ძალადობის ნიადაგზე რვა ქალი მოკლეს, რაც 2014 წელთან შედარებით 11 შემთხვევით ნაკლებია, ამის შესახებ სტატისტიკური მონაცემები საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოაქვეყნა.
2015 წელს საქართველოში სულ 18 ქალი მოკლეს, რაც 2014 წელთან შედარებით 17 შემთხვევით ნაკლებია.
გასული წლის რვა შემთხვევიდან სამი ქალი ქმრებმა მოკლეს, ორი — საკუთარმა შვილებმა, ერთი — მაზლმა, ერთი — სიძემ და კიდევ ერთი — ყოფილმა ქმარმა.
ქალების მკვლელობაში ეჭვმიტანილი რვა ბრალდებულიდან მანამდე არც ერთი არ არის ნასამართლევი. მათგან ოთხი მკვლელობის დროს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
დანაშაულის მოტივი იყო ეჭვიანობა (3 შემთხვევა), ყოფითი კონფლიქტი (3 შემთხვევა) და შურისძიება (2 შემთხვევა).
სისხლის სამართლებრივი დევნა რვა ბრალდებულის მიმართ დაიწყო, თუმცა სამის მიმართ შეწყდა, რადგან ისინი შეურაცხადები აღმოჩნდნენ.
სამს ცხრა-ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ერთს — შვიდი წლით, კიდევ ერთს — ოთხი წლით.
2015 წელს ქალთა მკვლელობის რვიდან ორ-ორი შემთხვევა თბილისში და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოხდა. თითო-თითო შემთხვევა — კახეთში, აჭარაში, ქვემო ქართლში და კიდევ ერთი — დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში დაფიქსირდა.
ქალის მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად 2015 წელი, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, ქალთა წლად გამოცხადდა. საქართველოში ქალთა მიმართ დანაშაულის პრევენციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა.
გარდა ამისა, 2014 წლის ბოლოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ოჯახური ძალადობა დანაშაულის ცალკე სახეობად გამოიყო. ესაა დამამძიმებელი გარემოება ისეთი დანაშაულების ჩადენისას, როგორებიცაა მკვლელობა, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება და ძალადობა.