თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში იყო გავრცელებული მოსაზრება, რომ ოჯახური ძალადობა დანაშაული არ არის, ხოლო ოჯახური ფასეულობები ყველაფერზე მნიშვნელოვანია, მაგრამ დღეს ეს ტენდენცია იცვლება, მიიჩნევს ფსიქოლოგი ნინო გოგოხია და აღნიშნავს, რომ ძალადობის მსხვერპლი უფრო ხშირად მიმართავს შესაბამის ცენტრებს.
სტატისტიკური მონაცემებით, ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებულმა დანაშაულმა საქართველოში იმატა. მიმდინარე წლის იანვარში ქვეყანაში ამგვარი ძალადობის 172 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 62,26%-ით მეტია.
„მე საპატიმროს საავადმყოფოში ვმუშაობდი ადამიანებთან, რომლებიც კლავდნენ ცოლებს ან მნიშვნელოვან ფიზიკურ ზიანს აყენებდნენ, ეს ყველაფერი ადრეც იყო, უბრალოდ ახლა ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი დაიწყეს და მომართვიანობა ბევრად გაიზარდა“, — განუცხადა Sputnik-ს გოგოხიამ.
გოგოხია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში მუშაობს. ფონდი 3 თავშესაფარს მოიცავს — გორში, ქუთაისსა და თბილისში. წელს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის კახეთში კიდევ ერთი ცენტრი გაიხსნება.
2015 წელს ფონდი 188 ქალს დაეხმარა, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. მათ რიცხვში არიან ბავშვებიც, რომლებსაც ცენტრში დედებთან ერთად შეუძლიათ ცხოვრება, განაცხადეს ფონდში. აქ მათ ფსიქოლოგიური, იურიდიული და სამედიცინო დახმარების მიღება შეუძლიათ. გარდა ამისა, ფონდის თანამშრომლები ძალადობის მსხვერპლთ დასაქმებაში ეხმარებიან.
კანონმდებლობით, სარეაბილიტაციო ცენტრში ქალებს სამი თვის განმავლობაში შეუძლიათ დარჩენა, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც ისინი ექვსი ან რვა თვითაც კი რჩებოდნენ.
თავშესაფარში მოსახვედრად ქალს ოჯახური ძალადობის მსხვერპლის სტატუსი უნდა ჰქონდეს. ამ სტატუსის მიღება სხვადასხვაგვარად შეიძლება — საპატრულო პოლიციის გამოძახებით, რომელიც შემაკავებელ ორდერს გამოწერს, სასამართლოს საშუალებით ან ფონდის ცხელ ხაზზე — 116 006 — დარეკვით. ძალადობის პოტენციურ მსხვერპლს ფსიქოლოგების შედგენილი კითხვარის შევსება მოუწევს. ამ შედეგების საფუძველზე სპეციალური კომისია გადაწყვეტს, მიანიჭოს მას სტატუსი თუ არა.
„ხშირად ქალები ქრონიკული სტრესის სიმპტომებით, ვერ აცნობიერებენ, რომ ძალადობის ატანა ნორმალური არ არის… ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავწყვიტოთ ეს პრობლემა იმგვარად, რომ დავამტკიცოთ — ჩვენ, ქალებს დედოფლობა არა მარტო სამზარეულოში შეგვიძლია“, — აღნიშნა გოგოხიამ.
ფონდს ხშირად მიმართავენ ქალები, რომლებსაც სასტიკად ცემდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, მაგრამ არიან ისინიც, რომლებიც საკუთარი მშობლების ან შვილების ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ.
„ჩვენთან (ფონდში) 67 წლის ქალი იყო. მას ოჯახური ცხოვრების იდილიაზე საკუთარი წარმოდგენა ჰქონდა, ფიქრობდა, რომ ოჯახისთვის ყველაფერი უნდა მოითმინო, მაგრამ ვეღარ გაუძლო და საკუთარი მოძალადე ქმრისა და შვილისგან გამოიქცა“, — აღნიშნა გოგოხიამ.
გოგოხია ყველა ქალს მოუწოდებს, არ გაჩუმდნენ, იბრძოლონ საკუთარი სიცოცხლისა და უსაფრთხოებისთვის. თუ ძალადობას მოითმენ, მიიჩნევს ფსიქოლოგი, წლებთან ერთად თავდაცვის გრძნობა შემცირდება, გაქრება სტრატეგიული აზროვნება.
„მინდა ვუთხრა ყველა ქალს, ვინც დღეს ძალადობის მსხვერპლია, რომ ჯერ ყველაფერი წინაა. გწამდეთ და ყველაფრის შეცვლას შეძლებთ. ამისთვის ყველანაირად დაგეხმარებით“, — განაცხადა გოგოხიამ.